აშშ უკრაინისათვის 6 მილიარდი დოლარის სამხედრო დახმარების პაკეტს ამზადებს. ინფორმაციას ამის შესახებ ამერიკული გამოცემა POLITICO ავრცელებს.

ოფიციალური წყაროების განცხადებით, აშშ ამზადებს უკრაინისათვის სამხედრო დახმარების ერთ-ერთ უმსხვილეს პაკეტს, რომელიც უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის 6 მილიარდი დოლარის ღირებულების იარაღისა და აღჭურვილობის კონტრაქტების გაფორმებას ითვალისწინებს.

გამოცემის წყაროების ცნობით, სამხედრო დახმარების პაკეტი მოიცავს Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემებს, საარტილერიო საბრძოლო მასალებს, დრონებს, დრონების საწინააღმდეგო შეიარაღებასა და „ჰაერი-ჰაერი“ კლასის რაკეტებს.

თუმცა, უკრაინა ამ აღჭურვილობას, სავარაუდოდ, რამდენიმე წელიწადში მიიღებს, რადგან ფული გამოიყოფა უკრაინის უსაფრთხოების დახმარების ინიციატივის ფარგლებში.

აღნიშნული ინიციატივის ფარგლებში, კონტრაქტები ფორმდება ამერიკულ თავდაცვის კომპანიებთან უკრაინისთვის ახალი აღჭურვილობის წარმოებისთვის, მაგრამ ეს არ ეხება შეიარაღების ამოღებას აშშ-ის ამჟამინდელი მარაგებიდან.