დიდთოვლობისა და ლიპყინულის გამო, კახეთის რეგიონის მუნიციპალიტეტებს შორის, ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდა.
შეზღუდვებია დაწესებული თელავი- გომბორი- ვაზიანის გზაზეც.
კახეთში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილის, პლატონ კალმახელიძის ინფორმაციით, ყველაზე დიდი თოვლი რეგიონის ადმინისტრაციულ ცენტრში, თელავში მოვიდა.
„ყველა მუნიციპალიტეტში მოთოვა, თუმცა ყველაზე მეტი ნალექი თელავში მოვიდა. ამიტომ მიღებულია გადაწყვეტილება, მოსახლეობის უსაფრთხოებიდან გამომდინარე, მუნიციპალურმა ტრანსპორტმა მხოლოდ ცენტრალურ გზებზე იმოძრაოს. ასევე სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის თელავი- ვაზიანი- გომბორის გზაზე, გადაადგილება დასაშვებია მხოლოდ სპეციალურად ზამთრისათვის აღჭურვილი ავტომანქანებისთვის. მცირედი შეზღუდვებია მუნიციპალიტეტებს შორის დამაკავშირებელ გზებზეც. ყველგან მიმდინარეობს გზების გაწმენდა და ტექნიკური მარილის დაყრა"- განაცხადა კალმახელიძემ .
ამ დროისათვის, გზებზე საპატრულო პოლიცია მორიგეობს, რომელიც ტრანსპორტის გადაადგილებას აკონტროლებს.