1 აგვისტოს რამდენიმე ქვეყანას შორის პატიმრები გაცვალეს, რომელიც ყველაზე მასშტაბურია ცივი ომის დასრულების შემდეგ. გაცვლაში მონაწილეობდნენ სრულიად სხვადასხვა ადამიანები, რომლებსაც ცოტა ან საერთოდ არაფერი აკავშირებთ ერთმანეთთან. მათი ბედის შესახებ თვეების განმავლობაში მიმდინარეობდა დიპლომატიური ძალისხმევა დახურულ კარს მიღმა.
ეს არის დადასტურებული სია იმ პირებისა, რომლებიც 1 აგვისტოს გაიცვალნენ.
რუსეთში
ევან გერშკოვიჩი
გაცვლამდე ცოტა ხნით ადრე, 19 ივლისს, სასამართლომ Wall Street Journal-ის ჟურნალისტ ევან გერშკოვიჩს ჯაშუშობის ბრალდებით მიუსაჯა 16 წლით თავისუფლების აღკვეთა მკაცრი რეჟიმის კოლონიაში. სასამართლო სხდომები დახურულ კარს მიღმა მიმდინარეობდა და საქმის არსებით განხილვას მხოლოდ სამი დღე დასჭირდა.
გერშკოვიჩი პირველი ამერიკელი ჟურნალისტია, რომელიც საბჭოთა კავშირის პერიოდის შემდეგ დაადანაშაულეს ჯაშუშობაში. გამომძიებლების თქმით, გერშკოვიჩი CIA-ის მითითებით აგროვებდა ინფორმაციას „ურალვაგონზავოდის“ შესახებ, რომელიც სამხედრო ტექნიკას აწარმოებს და არემონტებს. გამოძიების თანახმად, ეს ინფორმაცია სახელმწიფო საიდუმლოებას შეიცავდა. ჯაშუშობის თაობაზე საჯარო მტკიცებულებები არ წარმოუდგენიათ. თავად ჟურნალისტი ამტკიცებდა, რომ რუსეთში მხოლოდ და მხოლოდ ჟურნალისტურ საქმიანობას ეწეოდა.
32 წლის ჟურნალისტი 2023 წლის მარტში ეკატერინბურგში დააკავეს.
მაშინ რუსულ და ამერიკულ პოლიტიკურ წრეებთან დაახლოებული წყაროები აცხადებდნენ, რომ ჟურნალისტს შესაძლოა აკავებდნენ აშშ-ის ციხეებში მყოფ რუსეთის მოქალაქეებზე გაცვლისთვის.
ვლადიმირ კარა-მურზა
2023 წლის ივლისში სასამართლომ ოპოზიციონერ პოლიტიკოს ვლადიმირ კარა-მურზას 25 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა და დამნაშავედ ცნო არმიის შესახებ „ფეიკების“ გავრცელებაში, არასასურველ ორგანიზაციასთან თანამშრომლობასა და სახელმწიფო ღალატში. უფლებადამცველების თქმით, ეს არის „ყველაზე ხანგრძლივი პატიმრობა, რაც კი ოდესმე მიუსჯიათ პუტინის კრიტიკისთვის“.
დევნის მიზეზი გახდა პოლიტიკოსის გამოსვლა არიზონის წარმომადგენელთა პალატის წევრების წინაშე. გამომძიებლების თქმით, კარა-მურზამ „განზრახ ცრუ ინფორმაცია“ გაავრცელა, რომ რუსი სამხედროები უკრაინაში საცხოვრებელ უბნებს, სამშობიარო სახლებს, საავადმყოფოებსა და სკოლებს ბომბავდნენ.
მიუხედავად გაფრთხილებისა, კარა-მურზა დაბრუნდა რუსეთში პოლიტიკური საქმიანობის გასაგრძელებლად. ის დააკავეს 2022 წლის აპრილში, პოლიციის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის ბრძანებით და თანდათან დაუმძიმეს ბრალი.
პოლიტიკოსის დაცვამ და ოჯახმა არაერთხელ აღნიშნეს, რომ კარა-მურზას სჭირს მძიმე ქრონიკული დაავადება, პოლინევროპათია, რომელიც მას ხელს უშლის კოლონიაში სასჯელის მოხდაში. ადვოკატ ვადიმ პროხოროვის თქმით, მისი კლიენტის პოლინევროპათიის მიზეზი იყო „ორმაგი მძიმე მოწამვლა უცნობი ტოქსინებით - 2015 წლის მაისში და 2017 წლის თებერვალში“.
ალსუ კურმაშევა
რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლების თათარ-ბაშკირული სამსახურის ჟურნალისტი ალსუ კურმაშევა 2023 წლის ივნისში დააკავეს, როცა რუსეთში, თათრეთის რეგიონში ჩავიდა ახლობლების მოსანახულებლად.
მას ორმაგი მოქალაქეობა აქვს - რუსეთისა და აშშ-ისა. თავდაპირველად მას ბრალი წაუყენეს იმისთვის, რომ რუსეთის ხელისუფლებას არ შეატყობინა ამერიკის პასპორტის შესახებ. შემდეგ გაათავისუფლეს, მაგრამ ქვეყნის დატოვება აუკრძალეს.
მაგრამ ოქტომბერში კურმაშევა დააპატიმრეს და „უცხოეთის აგენტების“ შესახებ დრაკონული კანონით წაუყენეს ბრალდება. კანონის სამიზნეები არიან ჟურნალისტები, სამოქალაქო აქტივისტები და სხვები.
კიდევ უფრო მოგვიანებით ალსუს დამატებითი ბრალდება წაუყენეს: რუსეთის არმიის შესახებ „ფეიკების“ გავრცელება. როგორც ჩანს, ბრალდება დაკავშირებულია მის რედაქტორულ საქმიანობასთან. კურმაშევა რედაქტორია წიგნისა რუსების შესახებ, რომლებიც ეწინააღმდეგებიან უკრაინასთან ომს.
19 ივლისს თათრეთის სასამართლომ ალსუ კურმაშევას ექვს-ნახევარი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა დახურულ კარს მიღმა გამართულ სხდომაზე.
პოლ უილანი
54 წლის პოლ უილანი 2018 წლის დეკემბერში დააკავეს მოსკოვში, სადაც ის მეგობრის ქორწილზე ჩავიდა. მას ბრალი დასდეს „ფლეშ სტიკის“ მოპოვებაში, რომელზეც საიდუმლო ინფორმაცია იყო ჩაწერილი.
აშშ-ის ყოფილი საზღვაო ქვეითი პოლ უილანი კორპორაციული უსაფრთხოების თანამშრომლად მუშაობდა, როცა, მისი თქმით, მახე დაუგეს რუსეთში. ის ამბობს, რომ ეგონა, „ფლეშ სტიკზე“ მისი მეგობრის მიერ არდადეგებზე გადაღებული ფოტოები იყო. 2020 წლის ივნისში რუსეთის სასამართლომ ის ჯაშუშობაში ცნო დამნაშავედ და 16 წლით პატიმრობა მიუსაჯა.
უილანმა პატიმრობა ძირითადად მორდოვეთში გაატარა. მისმა ოჯახმა და აშშ-ის მთავრობამ მის დაპატიმრებას ფიქცია და მართლმსაჯულების დაცინვა უწოდეს. უილანი, რომელსაც ასევე აქვს ბრიტანეთის, კანადისა და ირლანდიის მოქალაქეობა, შეერთებული შტატების მთავრობამ არამართლზომიერად დაპატიმრებულად მიიჩნია.
ილია იაშინი
ოპოზიციონერ ილია იაშინს 8,5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა სისხლის სამართლის საქმეში რუსეთის არმიაზე „ფეიკების“ შესახებ. საქმის აღძვრის საბაბი გახდა YouTube-ზე პირდაპირი ტრანსლაცია, რომლის დროსაც პოლიტიკოსმა მოიყვანა მტკიცებულებები, რომ რუსეთის სამხედროებმა ბუჩის მოსახლეები დახოცეს. ის ამავე დროს განიხილავდა არგუმენტებს რუსეთის მხარისა, რომელიც დაჟინებით ცდილობდა დაემტკიცებინა, რომ ადამიანების სიკვდილთან კავშირი არა აქვს და მომხდარს „ფეიკს“ უწოდებდა.
სმოლენსკის ოლქის კოლონიაში, სადაც პოლიტიკოსი იხდიდა სასჯელს, იგი სხვადასხვა საბაბით არაერთხელ გაგზავნეს სადამსჯელო საკანში: ვითომ საუზმის დროს ქურთუკის გახდისთვის, ახალი ყაზარმების მშენებლობაში მონაწილეობაზე უარის თქმის გამო, იმისთვის, რომ ყაზარმაში საძინებელი ადგილი დატოვა „ადგომის“ ბრძანებიდან სამი წუთის შემდეგ.
იაშინი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ოპოზიციონერია, რომელმაც რუსეთი არ დატოვა. პოლიტიკოსმა აღნიშნა, რომ თუკი მოხდა ჰიპოთეტური გაცვლა რუსეთის კოლონიებში პატიმრებისა დასავლეთში გასამართლებულ რუსებზე, ის არ ისურვებდა გაცვლაში მონაწილეობას, ვინაიდან ადრე შეგნებულად დარჩა რუსეთში და არ აპირებს ემიგრაციას.
ოლეგ ორლოვი
71 წლის უფლებადამცველ ოლეგ ორლოვს, „მემორიალის“ ყოფილ თანათავმჯდომარეს, ორ-ნახევარი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს ე.წ. რუსული არმიის დისკრედიტაციის ბრალდებით. საქმის აღძვრის მიზეზი იყო ორლოვის ომის საწინააღმდეგო სტატია „მათ სურდათ ფაშიზმი. მათ ის მიიღეს“. თავდაპირველად, ამ საქმეზე სასამართლომ უფლებადამცველი 150 ათასი რუბლით დააჯარიმა, მაგრამ პროკურატურამ განაჩენი გაასაჩივრა და სამი წლით თავისუფლების აღკვეთა მოითხოვა. ბრალდების მხარე ამტკიცებდა, რომ ორლოვმა გამოაქვეყნა სტატია, რომელიც მოტივირებული იყო „რუსული ტრადიციული სულიერი, მორალური და პატრიოტული ღირებულებების მიმართ“ მტრული დამოკიდებულებით და რუსი სამხედროების სიძულვილით.
უფლებადამცველის ადვოკატებმა განაცხადეს წინასწარი დაკავების იზოლატორში მის მიმართ შეურაცხყოფის შესახებ: ორლოვს ართმევდნენ დასვენების უფლებას და ცხელ საკვებს, ასევე უარს ეუბნებოდნენ ადვოკატთან კონფიდენციალურ ურთიერთობაზე. პატიმრობაში მყოფი უფლებადამცველის ჯანმრთელობის მდგომარეობა მკვეთრად გაუარესდა და მას სამედიცინო დახმარებას არ უწევდნენ. „მემორიალის“ ინფორმაციით, ორლოვი საქმის მასალების გასაცნობად ყოველდღე საუზმის წინ მიჰყავდათ სასამართლოში და მხოლოდ ღამით აბრუნებდნენ, რის გამოც წინასწარი დაკავების იზოლატორში ჭამისა და ექიმის მონახულების საშუალება არ ჰქონდა.
კევინ ლიკი
გერმანულ-რუსული ორმაგი მოქალაქეობის მქონე კევინ ლიკს 2023 წლის დეკემბერში ოთხი წლით პატიმრობა მიუსაჯეს სახელმწიფო ღალატის ბრალდებით. მისი სასამართლო დახურულ კარს მიღმა გაიმართა. ის სასჯელის გამოცხადების მომენტში 18 წლის იყო.
ლიკი ადიღელია. რუსეთის პროკურატურის თანახმად, მას ბრალად ედება ადგილობრივი სამხედრო ბაზის თვალთვალი, ფოტოების გადაღება და შემდეგ ელექტრონული ფოსტით მათი გადაგზავნა უცხო მთავრობის წარმომადგენლისთვის.
„მემორიალმა“ ლიკი პოლიტიკურ პატიმრად გამოაცხადა.
ალექსანდრა სკოჩილენკო
33 წლის ალექსანდრა სკოჩილენკო სანქტ-პეტერბურგელი მხატვარია, რომელმაც 2022 წელს უკრაინაში რუსეთის ჯარების ფართომასშტაბიანი შეჭრა გააპროტესტა იმით, რომ სურსათის მაღაზიაში ხუთი იარლიყი შეცვალა ომის შესახებ ინფორმაციით.
ერთ-ერთზე ეწერა, რომ რუსეთმა „დაბომბა მარიუპოლის ხელოვნების სკოლა, სადაც 400-მდე ადამიანი აფარებდა თავს. მეორეზე კი ეწერა: „პუტინი 20 წლის განმავლობაში გატყუებთ ტელეეკრანებიდან. ამ ტყუილების შედეგია ჩვენი მზადყოფნა, შევეგუოთ ომს და უაზრო ხოცვას“.
სკოჩილენკო, რომელსაც ჩვეულებრივ საშას ეძახიან, 2022 წლის ნოემბერში გაასამართლეს რუსეთის შეიარაღებული ძალების შესახებ ყალბი ინფორმაციის გავრცელების ბრალდებით და შვიდი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. ის აცხადებდა, რომ იარლიყებზე გაკეთებული წარწერები სიმართლე იყო.
„პაპაჩემი ოთხი წლის განმავლობაში იმისთვის არ იბრძოდა მეორე მსოფლიო ომში, რომ რუსეთი ფაშისტური სახელმწიფო გამხდარიყო და უკრაინას დასხმოდა თავს“, დაწერა სკოჩილენკომ ერთ-ერთ იარლიყზე. სასამართლოზე წარმოთქმულ დასკვნით სიტყვაში მან ხმამაღლა იკითხა, რატომ შეეშინდა სახელმწიფოს „ხუთი პატარა ქაღალდის“.
ანდრეი პივოვაროვი
42 წლის ანდრეი პივოვაროვი არის ყოფილი აღმასრულებელი დირექტორი ამჟამად უკვე გაუქმებული პროდემოკრატიული მოძრაობა „ღია რუსეთისა“, რომელიც შექმნა დევნილობაში მყოფმა ყოფილმა ნავთობის მაგნატმა მიხაილ ხოდორკოვსკიმ. პივოვაროვი 2021 წლის მაისში დააკავეს მას შემდეგ, რაც ის სანქტ-პეტერბურგის აეროპორტში, ვარშავაში გაფრენის წინ ჩამოიყვანეს თვითმფრინავიდან. 2022 წლის ივლისში პივოვაროვს ოთხი წლით პატიმრობა მიესაჯა „არასასურველი ორგანიზაციის“ ხელმძღვანელობისთვის.
„მემორიალმა“ პივოვაროვი პოლიტიკურ პატიმრად აღიარა და განაცხადა, რომ დაირღვა მისი უფლება, ჰქონოდა სამართლიანი სასამართლო.
„არასასურველი ორგანიზაციების შესახებ“ კანონი, რომელიც 2015 წელს მიიღეს, იყო ნაწილი რეგულაციებისა, რომლებითაც კრემლი ცდილობდა შეევიწროებინა ბევრი არაკომერციული და არასამთავრობო ორგანიზაცია, რომლებიც უცხოეთიდან, ძირითადად ევროპიდან და შეერთებული შტატებიდან ფინანსდება.
ეს კანონები ფართოდ მიიჩნევა განსხვავებულად მოაზროვნეების წინააღმდეგ ბრძოლის იარაღად. მათი მეშვეობით კრემლი ცდილობს ქვეყნის პოლიტიკური ლანდშაფტის კონტროლს.
ქსენია ფადეევა
ტომსკში ალექსეი ნავალნის შტაბის ყოფილ კოორდინატორს, ქსენია ფადეევას ბრალი ედებოდა ორი მუხლით: ექსტრემისტული თემის საქმიანობის ორგანიზებაში თავისი სამსახურებრივი პოზიციის გამოყენებით და არაკომერციულ ორგანიზაციაში მონაწილეობაში, რომელიც ხელყოფს მოქალაქეთა პიროვნებასა და უფლებებს. 2023 წლის დეკემბერში სასამართლომ მას 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. საქმე დახურულ კარს მიღმა განიხილებოდა. მოსამართლე სხდომებს ყოველდღე ნიშნავდა, ისინი 12 საათს გრძელდებოდა ხოლმე, რის გამოც ფადევას არ ჰქონდა ჭამისა და დასვენების საშუალება. ერთხელ სასწრაფო დახმარება გამოიძახეს სასამართლოში, ვინაიდან ის ცუდად გახდა.
განაჩენის გამოტანისას ფადეევა ტომსკის საქალაქო საბჭოს დეპუტატი იყო. მიმდინარე წლის ივნისში მას უფლებამოსილება ჩამოერთვა განაჩენის ძალაში შესვლის გამო.
დემური ვორონინი
პოლიტოლოგი დემური ვორონინი, რომელიც რუსეთისა და გერმანიის მოქალაქეა, სახელმწიფო ღალატის ბრალდებით გაასამართლეს და 2023 წლის მარტში მოსკოვის საქალაქო სასამართლომ 13 წლის თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
ვორონინი 2021 წელს დააკავეს მოსკოვში, ბერლინში გამგზავრებამდე რამდენიმე საათით ადრე. საქმის მასალები გასაიდუმლოებული იყო, მაგრამ ვორონინი ნახსენებია ჟურნალისტ ივან საფრონოვის წინააღმდეგ საქმეში, რომელიც სახელმწიფო ღალატს ეხება. საფრონოვი, რომელსაც 2022 წელს 22 წლით პატიმრობა მიუსაჯეს, „მემორიალმა“ პოლიტპატიმრად აღიარა.
ვორონინი მოსკოვში ფლობდა კონსალტინგის კომპანიას, რომელიც ცნობილ ჟურნალისტებთან თანამშრომლობდა.
პატრიკ შიობელი
გერმანიის მოქალაქე პატრიკ შიობელი მიმდინარე წლის დამდეგს დააკავეს სანქტ-პეტერბურგში, პულკოვოს აეროპორტში, მას მერე, რაც ხელისუფლების წარმომადგენლებმა, რომლებმაც ის გაჩხრიკეს, თქვეს, რომ მას კანაფის შემცველი საღეჭი რეზინები უპოვეს. ნარკოტიკების შენახვასა და კონტრაბანდაში ბრალდებული შიობელი მოსკოვის ციხეში მოათავსეს.
რუსეთის ფედერალური საბაჟო სამსახურის თქმით, შიობელმა ხელისუფლებას უთხრა, რომ გერმანიიდან რუსეთში ჩაიტანა 10 საღეჭი რეზინი, რათა ხანგრძლივი ფრენისას უფრო „მშვიდად ძილი“ შეძლებოდა. რუსეთმა განაცხადა, რომ საღეჭი რეზინების შემოწმებით დადგინდა, რომ ისინი აკრძალულ ნივთიერებას შეიცავდა.
საბაჟო სამსახურისა და რუსეთის სახელმწიფო მედიასაშუალებების ცნობით, შიობელს შვიდ წლამდე პატიმრობა ემუქრებოდა. პატიმრების გაცვლისას არ იყო ნათელი, უკვე წარდგა თუ არა ის სასამართლოს წინაშე.
გერმან მოიჟესი
გერმან მოიჟესი, გერმანიისა და რუსეთის ორმაგი მოქალაქე, რომელიც სანქტ-პეტერბურგში ცხოვრობდა, არის იურისტი და, როგორც იტყობინებიან, მენეჯმენტის წევრი კომპანიაში, რომელიც რუსეთის მოქალაქეებს ეხმარება ევროკავშირში ბინადრობის უფლების მოპოვებაში. ასევე ის საჯაროდ გამოდის ფეხით მავალთა და ველოსიპედისტთათვის მოსახერხებელი ქუჩების მხარდასაჭერად.
გერმან მოიჟესი
მოიჟესი მაისის ბოლოს დააპატიმრეს, როცა ის ველოსიპედით მოძრაობდა სანქტ-პეტერბურგის სანაპიროზე. მას ბრალი დასდეს სახელმწიფო ღალატში და ლეფორტოვოს ციხეში მოათავსეს. როცა პატიმრების გაცვლა მოხდა, არ იყო ნათელი, დაიწყო თუ არა მისი სასამართლო.
ლილია ჩანიშევა
უფაში ალექსეი ნავალნის შტაბის ყოფილი უფროსი ლილია ჩანიშევა 2021 წლის ნოემბრიდან იმყოფება ციხეში. 2023 წლის ივნისში სასამართლომ მას საერთო რეჟიმის კოლონიაში შვიდ-ნახევარი წლით პატიმრობა მიუსაჯა. ნავალნის თანამებრძოლს ჯერ ბრალი წაუყენეს „ექსტრემისტულ თემთან“ დაკავშირებული საქმის თაობაზე, შემდეგ წაუყენეს საბოლოო ბრალდება და ბრალად დასდეს ექსტრემისტული თემის საქმიანობაში მონაწილეობა თავისი სამსახურებრივი პოზიციის გამოყენებით, ექსტრემიზმისკენ მოწოდებები და მონაწილეობა არასამთავრობო ორგანიზაციის საქმიანობაში, რომელიც ხელყოფს მოქალაქეთა პიროვნებასა და უფლებებს.
ლილია ჩანიშევა
ჩანიშევა - ისევე როგორც ნავალნის ზოგიერთი სხვა ყოფილი კოორდინატორი და თანამოაზრე - დააპატიმრეს მას შემდეგ, რაც ოპოზიციონერ პოლიტიკოსთან ასოცირებული ორგანიზაციები „ექსტრემისტულად“ გამოცხადდა და აიკრძალა რუსეთში მათი საქმიანობა.
მიმდინარე წლის აპრილში სასამართლომ პროკურატურის მოთხოვნით ოპოზიციონერს სასჯელი გაუმკაცრა: თავისუფლების აღკვეთის ვადა ცხრა-ნახევარ წლამდე გაუზარდეს. ამის შემდეგ მალევე ჩანიშევამ შეწყალების შუამდგომლობა დაწერა რუსეთის პრეზიდენტის სახელზე. შუამდგომლობაში მან მიუთითა, რომ უკვე მოიხადა თავისუფლების აღკვეთის სამი წელი და ექვსი თვე და ასევე გადაიხადა ჯარიმა 400 ათასი რუბლის ოდენობით.
ვადიმ ოსტანინი
47 წლის ვადიმ ოსტანინი არის აწ გარდაცვლილი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ალექსეი ნავალნის გუნდის ადგილობრივი განყოფილების ყოფილი ხელმძღვანელი ქალაქ ბარნაულში.
ის 2021 წლის დეკემბერში დააკავეს ექსტრემისტული თემის ორგანიზების ბრალდებით. მას ასევე ბრალი დასდეს არაკომერციული ორგანიზაციის საქმიანობის პროპაგანდაში, რომელიც ხელყოფს მოქალაქეთა პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობასა და უფლებებს.
ბრალდება დაკავშირებული იყო ნავალნის კორუფციასთან ბრძოლის ფონდის საქმიანობასთან, რომელმაც მრავალი გამოძიება ჩაატარა კორუფციისა და ნეპოტიზმის შესახებ. მათში ფიგურირებდა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი და მისი უახლოესი გარემოცვა.
2023 წლის ივლისში ოსტანინს ცხრა წლით პატიმრობა მიესაჯა საქმიანობისთვის, რომელსაც ნავალნის მომხრეები „კანონიერ პოლიტიკურ მუშაობას“ უწოდებენ. „მემორიალმა“ ოსტანინი პოლიტპატიმრად აღიარა.
ბელარუსში
რიკო კრიგერი
30 წლის გერმანიის მოქალაქეს, რიკო კრიგერს, ივნისში ბელარუსში სასიკვდილო განაჩენი გამოუტანეს. 30 ივლისს ბელარუსის ლიდერმა ალიაქსანდრ ლუკაშენკომ ის შეიწყალა. ლუკაშენკოს ოფისს არ წარმოუდგენია ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა გახდა კრიგერის შეწყალების მიზეზი.
კრიგერის საქმის დეტალები უცნობი იყო, სანამ ადამიანის უფლებების დამცველმა ორგანიზაცია „ვიასნამ“ არ განაცხადა, რომ ივნისში მას სიკვდილი მიუსაჯეს იმ ბრალდებით, რომ იყო დაქირავებული მებრძოლი, ტერორისტი, შექმნა ექსტრემისტული დაჯგუფება, განზრახ დააზიანა მანქანა და უკანონო საქმიანობას ეწეოდა ცეცხლსასროლი იარაღითა და ასაფეთქებელი ნივთიერებებით.
"ვიასნას“ თანახმად, ეს ბელარუსში „დაქირავებული მეომრის“ ბრალდებით პირველი სასამართლო პროცესი იყო. ბრალდება დაკავშირებული იყო „კალინოვსკის პოლკთან“, ბელარუსის მთავრობის წინააღმდეგ განწყობილი ემიგრანტების ჯგუფთან, რომელიც უკრაინაში იბრძვის რუსეთის არმიის წინააღმდეგ. „კალინოვსკის პოლკი“ უარყოფს კრიგერის საქმესთან რაიმე კავშირს.
კრიგერი ბერლინში დაიბადა და პარამედიკოსად მუშაობდა გერმანიის წითელ ჯვარში, იტყობინება „ვიასნა“. ჰყავს ვაჟი, რომელიც გერმანიაში ცხოვრობს.
ადრე ის უშიშროების საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლად მუშაობდა ბერლინში, სადაც მიიღო შეიარაღებული ოპერაციების გამოცდილება უშიშროების სფეროში. ამის შემდეგ ჯანდაცვის სფეროში გადაინაცვლა და მედპერსონალად მუშაობდა სასწრაფო სამედიცინო დახმარების სფეროში.
გერმანიაში
ვადიმ კრასიკოვი
რუსეთისთვის გადაცემული ვადიმ კრასიკოვი 2021 წელს გაასამართლეს 2019 წლის 23 აგვისტოს ბერლინის Kleiner Tiergarten-ის პარკში ცეცხლსასროლი იარაღით ყოფილი ჩეჩენი საველე მეთაურის, საქართველოს მოქალაქე ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობის ბრალდებით. სასამართლომ დაადგინა, რომ კრასიკოვი მოსკოვის ბრძანებით მოქმედებდა და ამ დანაშაულს სახელმწიფო ტერორისტული აქტი უწოდა. კრასიკოვის სასამართლო პროცესზე გამოტანილ დასკვნით განცხადებაში ნათქვამია, რომ მკვლელობის დამკვეთებს ხანგოშვილზე შურისძიება სურდათ იმის გამო, რომ ეს უკანასკნელი წარსულში მონაწილეობდა რუსეთთან კონფლიქტებში.
მოსკოვი დიდი ხანია გამოთქვამდა კრასიკოვის გაცვლის სურვილს, მაგრამ ამაზე შეთანხმება აქამდე ვერ მოხერხდა. CNN-ის ცნობით, 2022 წელს მოსკოვმა მოითხოვა, რომ კრასიკოვი დაემატებინათ აშშ-ის მიერ შეთავაზებული გარიგებისთვის, რომლის მიხედვითაც ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი ბრიტნი გრაინერი და ყოფილი ამერიკელი საზღვაო ქვეითი პოლ უილანი უნდა გაეცვალათ აშშ-ში მსჯავრდადებულ რუს იარაღის მოვაჭრეზე, ვიქტორ ბუტზე. მაშინ პოლ უილანი და ვადიმ კრასიკოვი გაცვლის გარიგებაში არ შეიყვანეს.
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ასევე მიანიშნა, რომ მზადაა, კრასიკოვში გაცვალოს Wall Street Journal-ის ამერიკელი ჟურნალისტი ევან გერშკოვიჩი, რომელიც ჯაშუშობის ბრალდებითაა გასამართლებული. საერთაშორისო ანტიკორუფციული ფონდის ხელმძღვანელის, მარია პევჩიხის თქმით, კრასიკოვზე შესაძლოა, გაეცვალათ ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ალექსეი ნავალნი და აშშ-ის ორი მოქალაქე. პევჩიხის ვერსიით, კოლონიაში ნავალნის გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე მოლაპარაკებები უკვე დასკვნით ეტაპზე იყო.
ნორვეგიაში
მიხაილ მიკუშინი
2023 წელს ნორვეგიელმა გამომძიებლებმა გამოაცხადეს, რომ მეცნიერი, რომელიც თავს ბრაზილიელად ასაღებდა და უნივერსიტეტში ასწავლიდა, სინამდვილეში იყო რუსეთის ფარული აგენტი მიხაილ მიკუშინი.
მიკუშინი ნორვეგიაში პირველად 2021 წელს ჩავიდა ნორვეგიის არქტიკულ უნივერსიტეტში სამუშაოდ და თავი გაასაღა ჟოზე ასის ჯიამარიად, როგორც ნორვეგიის მედია იუწყება. მაგრამ მოგვიანებით ის დააპატიმრეს, ჯერ ვინაობის გაყალბების ბრალდებით, შემდეგ კი რუსეთისთვის ჯაშუშობისთვის.
როგორც იტყობინებიან, 2023 წელს მიკუშინმა აღიარა ვინაობის გაყალბება.
ის ოსლოს ციხეში ჰყავდათ დაკავებული და სამ წლამდე ციხე ემუქრებოდა.
შეერთებულ შტატებში
ვლადისლავ კლიუშინი
რუსეთის მოქალაქე ვლადისლავ კლიუშინს შეერთებულ შტატებში ცხრა წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა მას შემდეგ, რაც ის დამნაშავედ ცნეს დანაშაულებრივ შეთქმულებაში, თაღლითობასა და ფასიანი ქაღალდებით მაქინაციაში. გავრცელებული ინფორმაციით, კლიუშინმა და მისმა თანამზრახველებმა გატეხეს ფირმების, Donnelly Financial-ისა და Toppan Merrill-ის კომპიუტერები, რის მეშვეობითაც სააქციონერო კომპანიები დახურულ ფინანსურ ანგარიშებს უგზავნიან ფასიანი ქაღალდების ფედერალურ კომისიასა და ბირჟებს. ამ კონფიდენციალური ანგარიშების გამოყენებით, ისინი აქციების კურსებზე თამაშობდნენ და ამგვარად ათეულობით მილიონი დოლარით გამდიდრდნენ.
სააგენტო Bloomberg-ი ასევე იტყობინება, რომ კლიუშინს აქვს ინფორმაცია რუსეთის სამხედრო დაზვერვის ჰაკერების ჯგუფის მიერ აშშ-ის დემოკრატიული პარტიის სერვერების გატეხის შესახებ.
კლიუშინი 2021 წელს დააკავეს შვეიცარიის კანტონ ვალეში, რის შემდეგაც ბერნში აშშ-ის საკონსულომ მისი ექსტრადიცია მოითხოვა. კლიუშინის ექსტრადირებას რუსეთის გენერალური პროკურატურაც ითხოვდა, მაგრამ საბოლოოდ ის აშშ-ში ჩაიყვანეს და 2023 წელს გაასამართლეს.
კლიუშინი არის კომპანია M13-ის დამფუძნებელი, რომელმაც შეიმუშავა ბლოგებისა და მედიის მონიტორინგის სისტემა „კატიუშა“. სისტემას რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაცია და თავდაცვის სამინისტრო იყენებენ.
ვადიმ კონოშჩენოკი
49 წლის ვადიმ კონოშჩენოკი რუსეთის დაზვერვის აგენტობაშია ეჭვმიტანილი. ის 2022 წლის ოქტომბერში დააკავეს ესტონეთში. აშშ-ის მიერ გაცემული ორდერით მისი დაპატიმრების მომენტში აშშ-ის პროკურორებმა განაცხადეს, რომ კონოშჩენოკი რუსეთში შეღწევას ცდილობდა, როცა თან ჰქონდა სამ ათეულამდე სახეობის მიკროელექტრონული და ელექტრონული კომპონენტები.
კონოშჩენოკს უწოდეს „მნიშვნელოვანი მონაწილე ამერიკული წარმოების მგრძნობიარე ელექტრონიკისა და საბრძოლო მასალის მოპოვების სქემაში, რაც გამიზნული იყო რუსეთის დასახმარებლად ომში და იარაღის წარმოებაში“ და არღვევდა აშშ-ის სანქციებს.
2023 წლის ივლისში ის აშშ-ის წინასწარი დაკავების იზოლატორში მოათავსეს. მან დანაშაული არ აღიარა. ბრალდებულად ცნობის შემთხვევაში მას 30 წლამდე პატიმრობა ემუქრებოდა.
რომან სელეზნიოვი
რუსეთის პარლამენტის ქვედა პალატის დეპუტატის ვაჟი რომან სელეზნიოვი 2014 წელს დააკავეს მალდივში, საკრედიტო ბარათებით თაღლითობის თაობაზე აშშ-ის მიერ გაცემული ორდერით. დაკავების შემდეგ მაშინვე განხორციელდა აშშ-ის ტერიტორია გუამში მისი ექსტრადიცია, რასაც მოჰყვა მოსკოვის ბრალდება, რომ ის გაიტაცეს.
აშშ-ის გამომძიებლებმა განაცხადეს, რომ გახსნეს ინტერნეტში მისი საქმიანობა 2000-იანი წლების ბოლოს და ფსბ-ს მიმართეს დახმარებისთვის. მაგრამ ინტერნეტში მისი კვალი მალე გაუჩინარდა, რის გამოც აშშ-ის გამომძიებლებმა დაასკვნეს, რომ რუსეთი იცავდა მას.
საბოლოოდ სელეზნიოვს აშშ-ის სასამართლომ 27-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.
სლოვენიაში
არტიომ და ანა დულცევები
მეუღლეებს არტიომ და ანა დულცევებს სლოვენიაში ერთი წლითა და შვიდი თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს ჯაშუშობის ბრალდებით. რუსები 2022 წლის დეკემბერში დააკავეს. წყვილი სლოვენიაში ორ შვილთან ერთად ჩავიდა და მათ არგენტინის პასპორტები ჰქონდათ ლუდვიგ გიშისა და მარია როზა მაიერ მუნიოსის სახელებზე.
ივნისში გაზეთმა The Wall Street Journal-მა გამოაქვეყნა სტატია, რომელშიც სლოვენიურ და დასავლურ დაზვერვაზე დაყრდნობით გამოაქვეყნა მათი ნამდვილი სახელები. აცხადებდნენ, რომ ორივე მათგანი რუსეთის საგარეო დაზვერვის ოფიცერი იყო. მათი ინტერესის მთავარი საგანი იყო ევროპის ენერგეტიკის რეგულატორთა ურთიერთმოქმედების ევროპული სააგენტო, რომლის შტაბბინა ლიუბლიანაშია.
ვინაიდან წყვილს ეს ვადა წინასწარ პატიმრობაში ჰქონდა მოხდილი, ციხეში არ მოხვედრილან, ისინი გაცვლის ფარგლებში გააძევეს ქვეყნიდან.
პოლონეთში
პაბლო გონსალესი (იგივე პაველ რუბცოვი)
პაბლო გონსალესი არის რუსი და ესპანელი ჟურნალისტი, რომელიც რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს პოლონეთში 2022 წლის თებერვალში. როგორც პოლონეთის კონტრდაზვერვის უწყება ABW-მ განაცხადა მაშინ, მან დაადგინა, რომ გონსალესი რუსეთის სამხედრო დაზვერვის აგენტია. პოლონეთის სპეცსამსახურის თანახმად, რუსეთში დაბადებული გონსალესი, რომელიც ასევე ცნობილია პაველ რუბცოვის სახელით, „საქმიანობდა რუსეთის სასარგებლოდ და საამისოდ თავის ჟურნალისტურ სტატუსს იყენებდა“, მათ შორის „სამხედრო კონფლიქტებისა და პოლიტიკური დაძაბულობის ზონებში“.
მას ბრალი წაუყენეს „პოლონეთის წინააღმდეგ უცხოეთის დაზვერვის მოქმედებაში მონაწილეობისთვის“.
დამოუკიდებელი რუსული მედიასაშუალება „აგენტსტვო“ გონსალესის დაკავებიდან ცოტა ხანში იტყობინებოდა, რომ მან მასალები შეაგროვა ბორის ნემცოვის ქალიშვილის, ჟანა ნემცოვას შესახებ, მას შემდეგ, რაც დაუმეგობრდა მას.
პრესის თავისუფლების მომხრეებმა განაცხადეს, რომ გონსალესს პასუხი არ უნდა აგებინონ მისი ჟურნალისტური საქმიანობისთვის და პოლონეთს მოუწოდეს, დაესაბუთებინა მისთვის წაყენებული ბრალდებები.
იმ მედიასაშუალებებს შორის, რომლებსაც აწვდიდა გონსალესი თავის რეპორტაჟებს, არის მაუწყებელი „ამერიკის ხმა“, რომელსაც აშშ აფინანსებს და რომელმაც განაცხადა, რომ მან 2020-21 წლებში გონსალესის ექვსი რეპორტაჟი გამოიყენა. მისი დაპატიმრების შემდეგ ჩატარდა ამ მასალების შეფასება.