“ევროპული საქართველოს” თავმჯდომარის პოსტიდან გადადგა და პარტია დატოვა გიგა ბოკერიამ. ამასთან, საარჩევნო სიიდან გავიდა თამარ ჩერგოლეიშვილი.
1 აგვისტოს გამართულ პრესკონფერენციაზე, გიგა ბოკერიამ განაცხადა, რომ მისი გადაწყვეტილების მიზეზია შიდაპარტიული პრაიმერიზი.
"მივიღე გადაწყვეტილება, დავტოვო 'ევროპული საქართველოს' თავმჯდომარის პოსტი და შესაბამისად, არ დავაყენო ჩემი კანდიდატურა 11 აგვისტოს დანიშნულ პარტიულ ყრილობაზე", - განაცხადა გიგა ბოკერიამ.
მისი განმარტებით, პარტიის ერთი ნაწილისთვის მიუღებელი აღმოჩნდა როგორც პრაიმერიზის შედეგები, ისე განსაკუთრებით მისი, როგორც პარტიის თავმჯდომარის, პოზიცია პრაიმერიზში მონაწილე გუნდებთან დაკავშირებით.
"კერძოდ, მე მხარი დავუჭირე პრაიმერიზში მონაწილე იმ გუნდს, რომელმაც ლომის წილი შეიტანა ბოლო სამი წლის განმავლობაში მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელებაში და პარტიის ახალი შინაარსის შექმნაში, რამაც 'ევროპული საქართველოს' მხარდაჭერა საგრძნობლად გაზარდა და ეს ჩვენი კონკურენტების კვლევებითაც დასტურდება“, - განაცხადა ბოკერიამ.
მისივე სიტყვებით, აზრთა არსებითი სხვადასხვაობა გამოიწვია საკითხმა, თუ ვის უნდა ჰქონოდა პრაიმერიზში მონაწილეობის უფლება.
"ჩემი პოზიციით, და პარტიის თავდაპირველი შეთანხმებით, ეს მხოლოდ იმ პირებს უნდა შესძლებოდათ, ვინც არ ერიდება 'ევროპული საქართველოს' მიმართ მხარდაჭერის საჯაროდ დაფიქსირებას.
სამწუხაროდ, პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ გიგი წერეთელმა, გენერალურმა მდივანმა აკაკი ბობოხიძემ და პოლიტსაბჭოს წევრების უმრავლესობამ მიიღეს გადაწყვეტილება, რომ პრაიმერიზში მონაწილეობის შესაძლებლობა ჰქონოდათ გადაუწყვეტელ ამომრჩევლებსაც, რომლებსაც არ სურდათ 'ევროპული საქართველოს' მკაფიო, საჯარო მხარდაჭერა.
ამ ყველაფერმა პარტიაში სერიოზული დაპირისპირება გამოიწვია, მათ შორის დაისვა თავმჯდომარის ანუ ჩემი პასუხისმგებლობის საკითხი", - თქვა ბოკერიამ, რომლის განმარტებითაც, ამ ვითარებაში ვერ აიღებს პასუხისმგებლობას ამომრჩევლის წინაშე ამ საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით.
"ამ დაპირისპირებამ გამოავლინა ჩემთვის სრულიად მოულოდნელი ფასეულობითი კონფლიქტი ჩემს იქამდე უახლოეს პოლიტიკურ პარტნიორთან, აკაკი ბობოხიძესთან და მის მხარდამჭერ გუნდთან. შესაბამისად, ვერ დავრჩები ვერც ამ საპარლამენტო სიაში და ვერც ამ პოლიტიკურ გუნდში. პარტიის დღევანდელი პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე, გენერალური მდივანი და მათი პოზიციის მხარდამჭერი პარტიის წევრები მიიღებენ შემდგომ გადაწყვეტილებებს საარჩევნო სტრატეგიასთან დაკავშირებით, პარტიის შიგნით დაპირისპირების გაღვივების გარეშე. პასუხისმგებლობა უკვე დიდია ჩემი, როგორც თავმჯდომარის, როცა ამ პროცესამდე მივიდა ყველაფერი და მე მადლობელი ვარ ყველა ჩვენი დელეგატის, ყველა მხარდამჭერის და ბოდიშს ვუხდი მათ, რომ ამ მდგომარეობაში აღმოვჩნდით. მაგრამ როცა უკვე დავინახე ეს მდგომარეობა ჩემთვის მოულოდნელი კონფლიქტისა, ამის შემდეგ პასუხისმგებლობას უკვე ნამდვილად ვეღარ ავიღებ, რომ ეს ხალხი მოვატყუო და მომავალში არც ვიცოდე, ეს პოლიტიკური გუნდი, რომელმაც შეთანხმება დაარღვია, რა ტიპის ფაქტის წინაშე დაგვაყენებს საარჩევნო კამპანიამდე", - განაცხადა გიგა ბოკერიამ.