საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ეპარქიებში აღდგომის დღესასწაული აღნიშნეს.

ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტმა მეუფე გერასიმემ, სააღდგომო ლიტურგია, ივერიის ღვთისმშობლის ხატის სახელობის საკათედრო ტაძარში აღავლინა. ლიტურგიის დაწყებამდე, ტაძრის გარშემო ლიტანიობა, ლოცვითი მსვლელობა შესრულდა. სასულიერო პირებმა, ტაძრის მსახურებმა და მრევლმა ხატებით, ჯვრებითა და ანთებული სანთლებით აღდგომის საგალობელი იგალობეს. სადღესასწაულო ლიტურგიას თავდაცვის მინისტრი ირაკლი ჩიქოვანი ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო.

ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტმა მეუფე დიმიტრიმ სადღესასწაულო წირვა ბათუმის სამების ეკლესიაში აღავლინა და მრევლს დღესასწაული მიულოცა. სააღდგომო ლიტურგია ყველა მოქმედ ტაძარში ჩატარდა.

აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული იზეიმეს ალავერდის მამათა მონასტერში. წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში საზეიმო წირვა-ლოცვა ალავერდელმა მიტროპოლიტმა დავითმა ეპარქიის სხვა სასულიერო პირებთან ერთად აღავლინა. გაიმართა ლიტანიობა.

სააღდგომო ლიტურგია ალავერდის ეპარქიის ყველა მოქმედ ტაძარში აღევლინა.