რუსეთის სტავროპოლის მხარეში ჩამოვარდა ტუ-22მ3 ტიპის რაკეტმზიდი ბომბდამშენი. ამ ტიპის სამხედრო თვითმფრინავების ბირთვული იარაღით აღჭურვაც შესაძლებელია.

რუსეთის სახელმწიფო სააგენტოები თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციაზე დაყრდნობით წერენ, რომ თვითმფრინავი „საბრძოლო დავალების“ შესრულების შემდეგ ბაზირების აეროდრომზე ბრუნდებოდა. რუსული ბომბდამშენები „საბრძოლო დავალებას“ ამჟამად უკრაინაში ასრულებენ.

ოფიციალური ინფორმაციით, მფრინავებმა კატაპულტირება მოასწრეს, ეკიპაჟის სამი წევრი უკვე ევაკუირებულია, ერთის ძებნა კი გრძელდება. რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ავარიის წინასწარ მიზეზად ტექნიკურ გაუმართაობას ასახელებს.

დამოუკიდებელი წყაროებით ინფორმაცია ჯერჯერობით გადაუმოწმებელია.