საქართველოში ამერიკის საელჩო,  „გამჭვირვალობის შესახებ“ კანონთან დაკავშირებით, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის მთავარი მოადგილის, ვედანტ პატელის გუშინდელ პრესკონფერენციაზე გაკეთებულ განცხადებას აზიარებს.

პატელმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ ამ კანონპროექტის მიღება უარყოფითად იმოქმედებს საქართველოს მიზანზე, გახდეს ევროკავშირის წევრი:

"ჩვენ გავაგრძელებთ მოწოდებას და გავუმეორებთ უკიდურეს შეშფოთებას საქართველოს მთავრობას ამ ტიპის კანონმდებლობასთან დაკავშირებით, რომ მოისმინოს გაფრთხილებები მსგავსი კანონმდებლობის შეუსაბამობაზე ევროკავშირის ნორმებსა და ღირებულებებთან, რაც, რა თქმა უნდა, უარყოფითად იმოქმედებს საქართველოს გაცხადებულ მიზანზე, გახდეს ევროკავშირის წევრი. - ვედანტ პატელი, პრესსპიკერის მთავარი მოადგილე".
ცნობისთვის, გუშინ, 17 აპრილს, სართაშორისო პარტნიორების მხრიდან გაფრთხილებებისა და საზოგადიების პროტესტის ფონზე, "ოცნებამ" პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა რუსულ კანონს - 83 მომხრე, არც ერთი წინააღმდეგი.

გუშინ ევროკავშირის ელჩმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ ეს კანონი ხელს არ შეუწყობს საქართველოს ევროკავშირთან დაახლოებას.  ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ჯოზეფ ბორელმა და სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკავშირის კომისარმა, ოლივერ ვარჰეიმ ერთობლივი განცხადება გაავრცელეს - ეს კანონი ევროკავშირის ძირითად ნორმებთან და ღირებულებებთან შეუთავსებელია. ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტმა კიდევ ერთხელ მოუწოდა მთავრობას, მოუსმინონ გაფრთხილებებს კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით.