"რონდელის ფონდის" უფროსი მკვლევარი ალექსი ბუკა პეტრიაშვილი, რომელიც 28 აპრილის ღამეს "გამჭვირვალობის კანონის" საწინააღმდეგო ხალხმრავალ აქციაზე პარლამენტის შენობასთან დააკავეს, კვლავ წინასწარი დაკავების იზოლატორში რჩება. როგორც მისი მეუღლე, ჟურნალისტი ეკა მიშველაძე ეუბნება რადიო თავისუფლებას, ჯერ არ არის ცნობილი, როდის დატოვებს ის დაკავების იზოლატორს და როდის გაიმართება სასამართლო სხდომა.

"წუხელ მოინახულეს ადვოკატებმაც და სახალხო დამცველის წარმომადგენელმაც. დაზიანებები არ არ აქვს. მაქსიმუმი ვადა, რაც შეიძლება გააჩერონ იზოლატორში, 48 საათია, თუმცა ყოფილა შემთხვევები, რომ 24 საათშიც გამოუშვიათ [აქციებზე დაკავებულები]... ვნახოთ, ველოდები", - ამბობს ეკა მიშველაძე.

ბუკა პეტრიაშვილის შესახებ, განცხადებას ავრცელებს სახალხო დამცველის აპარატიც. განცხადებაში ნათქვამია, რომ წინასწარი დაკავების იზოლატორში მყოფმა პეტრიაშვილმა "სახალხო დამცველის აპარატს უფლებამოსილების ფარგლებში მისი დაკავების საკითხის შესწავლა და დაკავების კადრების დაარქივებაში დახმარება სთხოვა."

პეტრიაშვილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ბრალდებით დააკავეს. მას წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას ედავებიან, - რასაც ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლები ითვალისწინებს. 

"გამჭვირვალობის კანონის" განხილვა პარლამენტში 29 აპრილს განახლდა, იურიდიულ კომიტეტში. საკომიტეტო განხილვა კვლავ მედიის შეზღუდვის ფონზე მიმდინარეობს - ამჯერად, გარდა იმისა, რომ პარლამენტში არ დაიშვებიან ონლაინმედიის წარმომადგენლები, თითო ტელევიზიიდან მხოლოდ ორი გადამღები ჯგუფი მუშაობს.