საქართველოს პარლამენტში არც დღეს, 18 აპრილს, შეუშვებენ ონლაინმედიის ჟურნალისტებს და მათ, ვინც არ არის მიწვეული „შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების მიერ“.

„საქართველოს პარლამენტის სასახლეში უსაფრთხოების დაცვის წესის" შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის მიერ 2023 წლის სექტემბერში გამოცემული ბრძანების საფუძველზე, 18 აპრილს ისევ „უსაფრთხოების ყვითელი დონე“ მოქმედებს.

ეს ნიშნავს, რომ „ვიზიტორებს ეზღუდებათ პარლამენტის სასახლეში შესვლა“ და „დაგეგმილ საპარლამენტო ღონისძიებებზე (მათ შორის კომიტეტის სხდომებზე) დაიშვებიან მხოლოდ შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების მიერ მოწვეული პირები“.

შეზღუდვა, რომლის მიზნად გამოცხადებულია „საქართველოს პარლამენტის სასახლეში სამუშაო და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფა“, არ ეხება ტელემაუწყებლების/ტელემედია საშუალებების აკრედიტებულ ჟურნალისტებს.

„უსაფრთხოების ყვითელი დონე“ 15 აპრილიდან მოქმედებს, მას შემდეგ, რაც საქართველოს პარლამენტმა ისევ დაიწყო „ქართული ოცნების“ მიერ ინიციირებული და მასობრივი პროტესტის გამომწვევი „ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ განხილვა.

საქართველოს პარლამენტში, რომლის უმრავლესობას კანონპროექტი პირველი მოსმენით უკვე მიღებული აქვს, დღეს 11:45 საათზე დანიშნულია ბიუროს სხდომა, ხოლო 12:00 საათიდან პლენარული სხდომა უნდა დაიწყოს.

იმის გამო, რომ საქართველოს პარლამენტში მიმდინარე მოვლენების უშუალოდ ადგილიდან გაშუქების უფლება მხოლოდ ტელემაუწყებლებს მისცეს, მუშაობა შეეზღუდა მედიასაშუალებების დიდ ნაწილს. 

16 აპრილს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა გადაწყვეტილება იმით ახსნა, რომ ონლაინგამოცემების ჟურნალისტები აკრედიტაციას „ბოროტად იყენებდნენ“ და პარლამენტში შედიოდნენ არა პროფესიული მოვალეობის შესასრულებლად, არამედ „პროტესტის გამოსახატად". 

სამოქალაქო საზოგადოების ნაწილი და ოპოზიციური პარტიები კანონს რუსულს უწოდებენ და მიიჩნევენ, რომ მმართველი პარტიის მიზანია დემოკრატიის განვითარებაზე მომუშავე ორგანიზაციების შეზღუდვა და ევროკავშირში გაწევრების პროცესის დაბლოკვა.

ევროკავშირმა და ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საქართველოს ხელისუფლება არაერთხელ გააფრთხილეს, რომ კანონის მიღება უარყოფითად იმოქმედებს ევროკავშირისკენ საქართველოს სვლაზე. 

„ქართული ოცნების" საპარლამენტო უმრავლესობის მიერ პირველი მოსმენით უკვე მიღებული კანონპროექტი „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად" აცხადებს იმ არასამთავრობო და მედიაორგანიზაციებს, რომელთა შემოსავლის 20%-ზე მეტი უცხოეთიდანაა მიღებული. ისინი სპეციალურ რეესტრში უნდა დარეგისტრირდნენ და ყოველწლიურად შეავსონ საფინანსო დეკლარაცია. წინააღმდეგ შემთხვევაში, პირველ ჯერზე, 25 ათასი ლარით დაჯარიმდებიან. არასამთავრობო და მედიაორგანიზაციები, რომლებსაც დასავლელი დონორები აფინანსებენ, აცხადებენ, რომ მათი შემოსავლები ისედაც დეკლარირებული და გამჭვირვალეა.

„ქართულმა ოცნებამ" ეს საკანონმდებლო ინიციატივა ბოლო ერთ წელიწადში მეორედ წარმოადგინა. მმართველი პარტიის მიერ  „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღების მცდელობამ მასშტაბური საპროტესტო აქციები გამოიწვია 2023 წლის მარტშიც და მმართველი პარტია აიძულა კანონპროექტი გაეწვია.

„ქართული ოცნების" უმრავლესობამ კანონპროექტი პარლამენტში განსახილველად დააბრუნა 2024 წლის 3 აპრილს. წლევანდელს შარშანდლისგან მხოლოდ ის განასხვავებს, რომ ნაცვლად ტერმინისა „უცხოური გავლენის აგენტი“ გამოყენებულია ტერმინი „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია“.