საქართველოს ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი, რომლის ეტაპობრივი შემცირებაც წელს დაიწყო, ამჯერად 10%-ზე დატოვა.

გადაწყვეტილება 25 ოქტომბერს გამოაცხადა ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა. კომიტეტის განმარტებით, ეროვნული ბანკი ინფლაციის დაბალ დონეზე შენარჩუნებაზე კონცენტრირებული რჩება და „მკაცრ მონეტარულ პოლიტიკას ინარჩუნებს“.

რეფინანსირების განაკვეთი - იგივე მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი - არის საპროცენტო განაკვეთი, რომელსაც ცენტრალური ბანკი აწესებს კომერციული ბანკებისთვის გაცემულ სესხზე. ის არის კომერციული ბანკების მიერ ეროვნული ბანკისგან ასაღები სესხის ფასი.

რეფინანსირების განაკვეთის ცვლილება საბაზრო საპროცენტო განაკვეთებს გადაეცემა. როდესაც რეფინანსირების განაკვეთი იცვლება, იცვლება კომერციულ ბანკებში ლარში სესხებზე საპროცენტო განაკვეთიც.

მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი დაკავშირებულია ინფლაციასთან, ანუ სამომხმარებლო ფასების ზრდასთან: თუკი ინფლაციის დონე მაღალია, ჩვეულებრივ, ცენტრალური ბანკი რეფინანსირების განაკვეთს ზრდის ან მაღალ ნიშნულზე ინარჩუნებს, და პირიქით.

პოსტპანდემიური პერიოდიდან, 2022 წლის 30 მარტიდან საქართველოში ისტორიულად ყველაზე მკაცრი რეფინანსირების განაკვეთი იყო ძალაში - 11%. ეროვნული ბანკის თანახმად, ამ ზომის მიღება საჭირო გახდა რამდენიმე თვის განმავლობაში შენარჩუნებულ ორნიშნა ინფლაციასთან გასამკლავებლად.

2023 წლის 10 მაისიდან კი ეროვნულმა ბანკმა გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკის ეტაპობრივი ცვლილება - შემსუბუქება დაიწყო.

10 მაისს განაკვეთი 10.5%-მდე შეამცირა;
21 ივნისს კვლავ 10.5% დატოვა;
2 აგვისტოს 10.25%-მდე შეამცირა;
13 სექტემბერს 10%-მდე შეამცირა;
25 ოქტომბერს 10%-ზე დატოვა.
სების განმარტებით, ქვეყანაში ამჟამად ინფლაცია კვლავ დაბალია და მიზნობრივ 3 პროცენტიან მაჩვენებელზე ქვემოთ ნარჩუნდება:

სექტემბერში მთლიანი ინფლაცია 0.7%-ს შეადგენდა;
საბაზო ინფლაცია - 2.5%-ს.
ეროვნული ბანკის თანახმად, დაბალ ინფლაციას, ერთი მხრივ, პანდემიისა და რუსეთ-უკრაინის ომიდან მომდინარე ფასებზე ზეწოლის შესუსტება განაპირობებს. მეორე მხრივ, ინფლაციის კლებას ხელს უწყობს, მკაცრი მონეტარული პოლიტიკა.

სებ-ის პროგნოზით, სხვა თანაბარ პირობებში, ინფლაცია 2023 წლის ბოლომდე მიზნობრივ 3 პროცენტზე დაბალ დონეზე შენარჩუნდება, ხოლო 2024 წელს მის ირგვლივ დასტაბილურდება.

მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის გადაწყვეტილებები ინფლაციაზე ეფექტს რამდენიმე კვარტალის შემდეგ იძლევა. განაკვეთის უფრო მკვეთრი შემცირება ზრდის რისკებს, რომ საარჩევნო პერიოდს ქვეყანა გაზრდილი ინფლაციით შეხვდეს.

ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის, ნათია თურნავას აგვისტოში გაკეთებული განმარტების თანახმად, წლის ბოლომდე სებ-ის გეგმაა, რომ რეფინანსირების განაკვეთი 9.5%-მდე შემცირდეს.

აგვისტოში გამოქვეყნებულ „მონეტარული პოლიტიკის ანგარიშში“ ეროვნული ბანკი 7%-იან სამიზნეს აწესებს და წერს: „მოსალოდნელია, რომ მკაცრი პოლიტიკიდან გამოსვლა ეტაპობრივ ხასიათს შეინარჩუნებს და განაკვეთი მის ნეიტრალურ დონეს (არსებული შეფასებით, 7%-ს) რისკების შემცირების პარალელურად დაუბრუნდება“.

მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის მომდევნო სხდომა 20 დეკემბერსაა დანიშნული.