საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2023 წლის ივლისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 5.5 პროცენტი შეადგინა, ხოლო 2023 წლის პირველი შვიდი თვის საშუალო მაჩვენებელი 7.2 პროცენტით განისაზღვრა.
საქსტატის ცნობით, 2023 წლის ივლისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ზრდის მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა შემდეგმა დარგებმა: საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობა, მშენებლობა, ვაჭრობა, პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები. კლების ტენდენცია დაფიქსირდა დამამუშავებელი და სამთომოპოვებითი მრეწველობის, ინფორმაციის და კომუნიკაციის დარგებში.
საქსტატი ყოველთვიურად აწარმოებს ეკონომიკის ზრდის წინასწარ შეფასებებს, რომელიც იანგარიშება უწყებრივი სტატისტიკის (დღგ-ის გადამხდელი საწარმოების ბრუნვების, ფისკალური და მონეტარული მონაცემების) საფუძველზე. აღნიშნული შეფასებები წარმოადგენს საერთაშორისოდ მიღებულ პრაქტიკას, რომელსაც იყენებენ მოკლევადიანი წინასწარი ოპერატიული მონაცემების მისაღებად. იმ სფეროებში, სადაც ყოველთვიური მონაცემები (მაგალითად, სოფლის მეურნეობა, დაუკვირვებადი ეკონომიკის მოცულობა) არ მოიპოვება, შეფასება გაკეთებულია წინა პერიოდის მონაცემებზე დაყრდნობით.
გარდა ამისა, „საქსტატის“ განმარტებით, ყოველთვიურად შესაძლებელია მოხდეს წინა თვეების დღგ-ის გადამხდელი საწარმოების ბრუნვების კორექტირება, რაც, შესაბამისად, რეალური ზრდის ყოველთვიური წინასწარი შეფასების მონაცემის კორექტირებასაც იწვევს.