თბილისის საერთაშორისო აეროპორტის გამგზავრების დარბაზში თვითრეგისტრაციის აპარატები განთავსდა, რაც მგზავრებს საშუალებას მისცემს, დამოუკიდებლად გაიარონ რეგისტრაცია გაფრენის წინ - ინფორმაციას აეროპორტების მმართველი კომპანია, "ტავ ჯორჯია" ავრცელებს.

პირველ ეტაპზე თბილისის აეროპორტში ორი თვითრეგისტრაციის აპარატი ფუნქციონირებს, რომლითაც სარგებლობა ჯერ მხოლოდ ორი ავიაკომპანიის (პოლონეთის და ყატარის ავიახაზებს) მგზავრებს შეეძლებათ; ავიაკომპანიების რიცხვი, რომელთა რეისებზე რეგისტრაციას მგზავრები დამოუკიდებლად შეძლებენ, ეტაპობრივად გაიზრდება.

"ტავ ჯორჯიას" ცნობით, თვითრეგისტრაციის აპარატები ფრანგული კომპანია EASIER-ის მიერ არის წარმოებული და მათი თბილისის აეროპორტში განთავსებისთვის გაწეული ინვესტიცია 150 000 ლარს შეადგენს.