აშშ-ის კოსმოსური სივრცის კვლევის სააგენტომ(NASA) კავშირი დაკარგა კოსმოსურ აპარატთან Voyager 2, რომელიც დედამიწიდან 19 მილიარდ კილომეტრზე მეტი მანძილითაა დაშორებული და მზის სისტემის მიღმა არსებულ სივრცეს იკვლევს.

მართვის ცენტრიდან შემთხვევით გაგზავნილი მცდარი სიგნალის გამო აპარატის ანტენა 2 გრადუსით გადაიხარა და დაკარგა დედამიწიდან მიღებული ბრძანებების შესრულების და მონაცემების გადაცემის უნარი. როგორც გაირკვა, Voyager 2-თან კავშირი ჯერ კიდევ 21 ივლისს დაიკარგა, თუმცა 2 აგვისტოს პროექტის ხელმძღვანელმა სიუზან დოდმა ჟურნალისტებს აცნობა, რომ სპეციალური რადიოანტენებით აპარატიდან საკონტროლო სიგნალი დაიჭირეს. დოდის განცხადებით, ეს ნიშნავს, რომ კოსმოსური აპარატი „ცოცხალია და მუშაობს“. მიუხედავად ამისა, Voyager 2 ისევ ვერ ახერხებს დედამიწაზე ინფორმაციის გადაცემას და ბრძანებების მიღებას. სპეციალისტები მუშაობენ ანტენის ისეთ მდგომარეობაში დაბრუნებაზე, რომ აპარატმა ისევ შეძლოს ფუნქციის შესრულება, თუმცა წარმატების შანსი მაღალი არ არის.

NASA-მ აპარატები Voyager 1 და Voyager 2 კოსმოსში 1977 წელს გაუშვა. მათ მზის სისტემის მიღმა წაიღეს სპეციალურ ფირფიტებზე ჩაწერილი „დედამიწის ხმები", რომელთა შორის ქართული პოლიფონიის შედევრად აღიარებული „ჩაკრულოცაა“.