აღმოსავლური საბრძოლო ხელოვნება ტაი ჩი პარკინსონის დაავადების სიმპტომების გამოვლენას რამდენიმე წლით ანელებს. ამის შესახებ BBC ჩინურ კვლევაზე დაყრდნობით წერს.

გამოცემის ინფორმაციით, კვლევა შანხაის ჟაო ტონგის უნივერსიტეტის მედიცინის სკოლის სპეციალისტებმა ჩაატარეს. ისინი 5 წლის განმავლობაში ასობით ადამიანს აკვირდებოდნენ. კვლევის მონაწილეები ორ ჯგუფად იყვნენ დაყოფილები: 147 ადამიანი ტაი ჩით რეგულარულად იყო დაკავებული, 187 კი არა.

კვლევის ავტორებმა დაადგინეს, რომ მათ, ვინც ტაი ჩით კვირაში ორჯერ მაინც იყო დაკავებული, ნაკლები გართულება და სიცოცხლის უკეთესი ხარისხი ჰქონდათ, ვიდრე მათ, ვინც არ ვარჯიშობდა. ასევე პირველ ჯგუფში პარკინსონი ნაკლებად სწრაფად პროგრესირებდა, ვიდრე მეორეში. ამასთან, ტაი ჩით დაკავებულებს უკეთ სძინავთ. ეს შედეგი ადასტურებს წინა კვლევებს, რომლებიც ვარჯიშის სარგებელზე მიუთითებდა.

პარკინსონი თავის ტვინის პროგრესირებადი დაავადებაა, რომელიც ამ ეტაპზე არ იკურნება.