მამაკაცი, რომელსაც „ჟენეველი პაციენტი“ უწოდეს, კიდევ ერთი ადამიანია, რომელიც აივ-ინფექციისგან განიკურნა; თუმცა, როგორც მკვლევრები აცხადებენ, წინა განკურნებული პაციენტებისგან განსხვავებით, მისთვის არ გადაუნერგავთ ვირუსის მბლოკავი გენური მუტაცია.

აქამდე, აივ-ინფექციისგან განკურნებულად გამოცხადებული იყო ხუთი ადამიანი: ბერლინელი, ლონდონელი, დიუსელდორფელი, ნიუ-იორკელი, და იმედის ქალაქელი (კალიფორნიელი) პაციენტები.

კიბოს სერიოზული შემთხვევისგან განკურნების მიზნით, ყველა მათგანს გადანერგილი ჰქონდა ძვლის ტვინის ტრანსპლანტატები — ღეროვანი უჯრედები დონორისგან, რომელსაც CCR5 გენის მუტაცია აქვს. ცნობილია, რომ ეს მუტაცია აივ-ინფექციას უჯრედებში შესვლის გზას უბლოკავს.

2018 წელს, ლეიკემიის განსაკუთრებით აგრესიული ფორმის სამკურნალოდ, ღეროვანი უჯრედების ასეთი ტრანსპლანტატები ჟენეველ პაციენტსაც გადაუნერგეს.

თუმცა, ამ შემთხვევაში ტრანსპლანტატი ეკუთვნოდა დონორს, რომელიც არ იყო CCR5 მუტაციის მატარებელი.

ეს იმას ნიშნავს, რომ ვირუსს მაინც შეეძლო პაციენტის უჯრედებში შესვლა.

 

თუმცა, მამაკაცის მიერ ანტირეტროვირუსული მკურნალობის (რომელიც სისხლში აივ- ინფექციის რაოდენობას ამცირებს) შეწყვეტიდან 20 თვის შემდეგ, ჟენევის უნივერსიტეტის საავადმყოფოს ექიმებმა მის სისტემაში ვირუსის კვალიც ვეღარ იპოვეს.

მიუხედავად იმისა, რომ მამაკაცის ორგანიზმში აი-ინფექციის კვლავ დაბრუნებას არ გამორიცხავენ, მკვლევრები მას გრძელვადიან რემისიაში მყოფად თვლიან.

„ის, რაც ჩემს თავს ხდება, არის დიდებული, ჯადოსნური“, — ამბობს ჟენეველი პაციენტი.

ის თეთრკანიანი მამაკაცია და ანონიმურობას ინარჩუნებს; აივ-ინფექციის დიაგნოზი 1990 წელს დაუსვეს.

ანტირეტროვირუსულ მედიკამენტებზე ის 2021 წლის ნოემბრამდე იმყოფებოდა. სწორედ მაშინ, ძვლის ტვინის გადანერგვის შემდეგ, ექიმებმა ურჩიეს, რომ პრეპარატების მიღება შეეწყვიტა.