ამერიკულმა ავიაციამ სირიის აღმოსავლეთში დაბომბა ობიექტი, რომელსაც ირანის „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი“ და მასთან დაკავშირებული დაჯგუფებები იყენებდნენ. ამის შესახებ შეერთებული შტატების თავდაცვის მინისტრმა ლოიდ ოსტინმა განაცხადა. მისი ინფორმაციით, პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ბრძანებით, თავდაცვის მიზნით, 8 ნოემბერს განხორციელებული დარტყმის სამიზნე იყო იარაღის საწყობი.

ოპერაციაში მონაწილეობდა ორი ამერიკული გამანადგურებელი F-15. ლოიდ ოსტინის თანახმად, მაღალი სიზუსტის დარტყმა იყო პასუხი სირიასა და ერაყში მყოფ ამერიკულ კონტინგენტზე განხორციელებულ თავდასხმებზე.

შეერთებული შტატების თავდაცვის მინისტრის განცხადებიდან არ ჩანს, იყო თუ არა თავდასხმები ნოემბერშიც, თუ საუბარია ოქტომბერში მომხდარ ფაქტებზე, როცა ისრაელზე „ჰამასის“ თავდასხმის გამო დაწყებული ომის შემდეგ, ათეულობით შეტევა განხორციელდა ამერიკულ სამხედრო ობიექტებზე სირიასა და ერაყში. ამ თავდასხმების გამო, 26 ოქტომბერს ამერიკელმა სამხედროებმა იერიში მიიტანეს სირიის აღმოსავლეთში მდებარე ორ ობიექტზე, რომლებსაც პენტაგონის თანახმად, იყენებდნენ ირანის „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი“ და მასთან დაკავშირებული დაჯგუფებები.

თავდაცვის მინისტრ ლოიდ ოსტინის სახელით 8 ნოემბერს გამოქვეყნებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ პრეზიდენტის უპირველესი პრიორიტეტი ამერიკული პერსონალის უსაფრთხოებაა, მისი ბრძანება ნათლად აჩვენებს, რომ შეერთებული შტატები დაიცავს საკუთარ პერსონალს და ინტერესებს და მზად არის ამერიკული კონტინგენტის და ობიექტების დასაცავად მიიღოს ყველა საჭირო ზომა. ამასთან, ოსტინი ხაზს უსვამს, რომ აშშ ნებისმიერ ესკალაციას ეწინააღმდეგება, მისი სამხედრო კონტინგენტი კი გააგრძელებს ერაყსა და სირიაში ექსტრემისტულ დაჯგუფება „ისლამურ სახელმწიფოსთან“ ბრძოლის მისიის შესრულებას.

ერაყში იმყოფება 2500 ამერიკელი სამხედრო და კიდევ 900 - მეზობელ სირიაში. ამერიკელები ადგილობრივ ძალებს ეხმარებიან ბრძოლაში „ისლამურ სახელმწიფოსთან“, რომელმაც 2014 წელს დაიპყრო ამ ქვეყნების ნაწილი.