ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ იემენელმა ჰუსიტებმა წითელ ზღვაში სატვირთო ხომალდი გაიტაცეს. ამის შესახებ Times of Israel-ი წერს.
გამოცემის ინფორმაციით, ბაჰამის დროშის ქვეშ მოცურავე გემი Galaxy Leader ბრიტანულ კომპანიაზეა გაფორმებული, რომლის წილიც ერთ-ერთ ისრაელელ ბიზნესმენს ეკუთვნის.
ხომალდი თურქეთიდან ინდოეთში მიცურავდა, ეკიპაჟის 52 წევრს შორის კი უკრაინის, ბულგარეთის, ფილიპინების და მექსიკის მოქალაქეები არიან. არსებული ინფორმაციით, გატაცების დროს ხომალდი იაპონურ კომპანიას ჰქონდა იჯარით აღებული.
ისრაელის თავდაცვის ძალებში განაცხადეს, რომ გემის გატაცება „გლობალური მასშტაბის ძალიან სერიოზული ინციდენტია“.
ჰუსიტები იემენში ირანის მხარდაჭერით მოქმედებენ. 2014 წლიდან ისინი იემენის დედაქალაქ სანას და ქვეყნის ნაწილს აკონტროლებენ. მათ პირობა დადეს, რომ წითელ ზღვაში მოცურავე ისრაელთან დაკავშირებული ხომალდები მათი სამიზნე გახდება.