ყარაბაღის ყოფილი დე ფაქტო სახელმწიფო მინისტრი, მილიარდერი ბიზნესმენი რუბენ ვარდანიანი ყარაბაღიდან გამოსვლისას, ლაჩინის დერეფანში დააკავეს აზერბაიჯანელმა მესაზღვრეებმა.

აზერბაიჯანის სასაზღვრო პოლიციამ ფოტოთი დაადასტურა მისი დაკავება და დაწერა, რომ „მას უკანონოდ ჰქონდა აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვარი გადაკვეთილი და მუშაობდა ე.წ. მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის სახელმწიფო მინისტრად".

„დაკავებული პირი გადაეცა შესაბამის სახელმწიფო უწყებებს შესაბამისი გადაწყვეტილების მისაღებად“, - აცხადებს აზერბაიჯანის სასაზღვრო უწყება.

რუბენ ვარდანიანმა, რომელიც წლების განმავლობაში, რუსეთში ცხოვრობდა, 2022 წლის შემოდგომაზე რუსეთის მოქალაქეობა დათმო და საცხოვრებლად მთიან ყარაბაღში გადავიდა. ძალიან მალე მან დე ფაქტო მთავრობის მეთაურის პოსტი დაიკავა.

2023 წლის თებერვალში ვარდანიანმა თანამდებობა დატოვა.

2023 წლის 19 სექტემბერს აზერბაიჯანმა დაიწყო ანტიტერორისტული ოპერაცია მთიან ყარაბაღზე.

ერთდღიანი შეტევის შემდეგ, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა სატელევიზიო მიმართვაში აღდგენილად გამოაცხადა აზერბაიჯანის სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა.