უკრაინის პრეზიდენტი ახალ სამხედრო ხელმძღვანელობას შეხვდა. ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის, გენერალ-პოლკოვნიკ ალექსანდრ სირსკის და უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის, ანატოლი ბარგილევიჩის მოადგილეები დაასახელა. სირსკის მოადგილეები პოლკოვნიკი ვადიმ სუხარევსკი და პოლკოვნიკი ანდრეი ლებედენკო იქნებიან, ხოლო ბარგილევიჩის- ვლადიმერ ჰორბატიუკი, ალექსეი შევჩენკო და მიხაილ დრაპატი.
„ჩვენ ვაგრძელებთ თავდაცვის ძალების ხელმძღვანელობის გადატვირთვას. ახალი ადამიანები, რომლებიც კარგად არიან ცნობილნი ჯარში და თავადაც კარგად იციან რა სჭირდება ჯარს, ახალ მოვალეობებს ასრულებენ“, - აღნიშნა ზელენსკიმ.
შეგახსენებთ, 8 თებერვალს ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვალერი ზალუჟნის ნაცვლად, უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლად გენერალ-პოლკოვნიკი ალექსანდრ სირსკი დანიშნა. ხოლო გუშინ, 9 თებერვალს შეცვალა გენშტაბის უფროსიც და სერგეი შაპტალას ნაცვლად, ამ თანამდებობაზე გენერალ-მაიორი ანატოლი ბარგილევიჩი დანიშნა.