თბილისის მთავარი ქუჩა, რუსთაველის გამზირი გადაკეტილია. მოქალაქეები „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის პარლამენტში განხილვის დაწყებას აპროტესტებენ და ამ საკანონმდებლო ინიციატივას „რუსულ კანონს“ უწოდებენ.
აქციას აქვს ერთადერთი მოთხოვნა: „ქართულმა ოცნებამ“ შეწყვიტოს კანონპროექტის განხილვა.
დღეს, 15 აპრილს, საქართველოს პარლამენტში, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, ე.წ. აგენტების კანონის განხილვა დაიწყო. პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის გადაწყვეტილებით დღეს პარლამენტში მუშაობა შეეძლოთ მხოლოდ ტელემედიის ჟურნალისტებს, სხვა დანარჩენს დაცვა შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდა.