აშშ-ის თავდაცვის მინისტრმა ლოიდ ოსტინმა სამშაბათს ტელეფონით ისაუბრა რუსეთის თავდაცვის მინისტრთან, ანდრეი ბელოუსოვთან. პენტაგონის თანახმად, განიხილეს კავშირების ხაზების შენარჩუნების მნიშვნელობა.

აშშ- ის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, გენერალ მაიორმა პატრიკ რაიდერმა ბრიფინგზე მედიას განუცხადა, რომ ლოიდ ოსტინი იყო საუბრის ინიციატორი და რომ 2023 წლის მარტის შემდეგ ეს მისი პირველი საუბარი იყო რუს კოლეგასთან.

რუსეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო ტასსმა გაავრცელა მსგავსი ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, ამერიკულ მხარეს არ განუმარტავს სატელეფონო ზარის მიზეზი.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ტელეგრამის არხზე გავრცელებული ინფორმაციით, მინისტრებმა მოსაზრებები გაცვალეს უკრაინაში არსებულ ვითარებაზე. ბელოუსოვმა მიანიშნა ვითარების მოსალოდნელი ესკალაციის ხიფათზე, უკრაინული არმიისთვის ამერიკული შეიარაღების მიწოდების გაგრძელების ფონზე.