Reuters-ის ცნობით, დონალდ ტრამპი პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში, განიხილავს გეგმას შეაჩეროს აშშ-ის სამხედრო დახმარება უკრაინაში, თუ ის არ დაიწყებს სამშვიდობო მოლაპარაკებებს რუსეთთან.

გამოცემის ცნობით, ორმა მრჩეველმა ტრამპს უკრაინის ომის დასრულების გეგმა წარუდგინა, რომლითაც ტრამპმა აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში უნდა იმოქმედოს.

ამავე გეგმით, აშშ გააფრთხილებს მოსკოვს, რომ კიევთან მოლაპარაკებაზე ნებისმიერი უარი გამოიწვევს უკრაინისადმი ამერიკული სამხედრო მხარდაჭერის გაზრდას -  განაცხადა ტრამპის ერთ-ერთმა მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, გადამდგარმა გენერალ-ლეიტენანტმა კეიტ კელოგიმ სააგენტოსთან ინტერვიუში.

გეგმის ავტორები სწორედ კელოგი და ფრედ ფლეიტცი არიან, რომლებიც  აშშ-ს ეროვნული უშიშროების საბჭოს შტაბს ხელმძღვანელობდნენ ტრამპის პრეზიდენტობის დროს 2017- 2021 წლებში.

ფლეიტცის თქმით,  სტრატეგია ტრამპმა მოიწონა - ”მე არ ვამბობ, რომ ის დაეთანხმა ყველა სიტყვას, მაგრამ ჩვენ მოხარული ვართ, რომ მივიღეთ ეს პასუხი,” - თქვა მან.

შეგახსენებთ, რესპუბლიკური პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატმა არაერთხელ განაცხადა, რომ ნოემბრის არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში უკრაინის ომს "24 საათში დაასრულებს", თუმცა როგორ, არ დაუკონკრეტებია.