ჩინეთის საელჩო შეერთებული შტატების ელჩს აკრიტიკებს ანაკლიის პორტის ინვესტორის შესახებ ნათქვამის გამო.
გაზიარება 
საქართველოში ჩინეთის საელჩოს პრესსპიკერი აცხადებს, რომ პეკინი „მკაცრად გმობს“ საქართველოში შეერთებული შტატების ელჩის განცხადებას ანაკლიის პორტის ინვესტორ ჩინურ კომპანიაზე და მას „აბსურდულს“ უწოდებს.

„საქართველოში აშშ-ს საელჩოს მაღალი დონის დიპლომატის მტკიცებები, თითქოს „ჩინეთის კომუნიკაციების მშენებლობის კომპანიაში“ (CCCC) წილების უმრავლესობას ჩინეთის კომუნისტური პარტია ფლობს და თითქოს ჩინეთის კომუნისტური პარტია და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა რუსეთის სამხედრო მანქანის ნომერ პირველი ბანკირი და დამფინანსებელია, არის აბსურდული და სერიოზულად შეუსაბამო ფაქტებთან“, - განაცხადა 21 ივნისს ჩინეთის საელჩომ.

საელჩოს პრესსპიკერის განცხადება საელჩოს ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

განცხადების თანახმად, „ჩინური მხარე ხაზს უსვამს, რომ ზემოაღნიშნული განცხადება ეწინააღმდეგება პრეზიდენტ სი ძინპინისა და პრეზიდენტ ჯო ბაიდენის მიერ შეთანხმებულ, სან-ფრანცისკოს ხედვას“.

„ჩინური მხარე ასევე წუხს იმის გამო, რომ ამერიკელმა დიპლომატმა განცხადების გაკეთებისას არ გამოიჩინა პროფესიონალიზმი“, - განაცხადა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საელჩოს პრესსპიკერმა.

აშშ-ის ელჩი რობინ დანიგანი სააგენტო „ინტერპრესნიუსთან“ ანაკლიის პორტის პროექტზე ჩინურ კომპანიასთან საქართველოს შეთანხმებას გამოეხმაურა და თქვა, რომ კომპანიის თანამფლობელი ჩინეთის კომუნისტური პარტიაა.

„CCCC კომპანიის უმეტესი ნაწილის მფლობელი, რომელთანაც საქართველოს მთავრობამ [ანაკლიის პორტის პროექტში] კონტრაქტი დადო, ჩინეთის კომუნისტური პარტიაა. ჩინეთის კომუნისტური პარტია, რუსეთის არმიის ნომერ პირველი ფინანსისტია დღეს. ასე რომ, ერთი კითხვაა, რატომ უნდა გააღრმაო ეკონომიკური კავშირი იმ პარტიასთან, რომელიც აფინანსებს თქვენს ოკუპანტს?" - თქვა ელჩმა „ინტერპრესნიუსის“ თარგმანის მიხედვით.

ამავე საკითხზე ელჩს გამოეხმაურა საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე. 20 ივნისს გერმანიაში მყოფმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა: „ჩინეთი არის ევროკავშირისა და ამერიკის შეერთებული შტატებისთვის ერთ-ერთი უმთავრესი სავაჭრო პარტნიორი. როდესაც ასეთ პირობებში ვისმენთ საქართველოს კრიტიკას ჩინეთთან ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების შესახებ, ეს არის ორმაგი სტანდარტი“.

2024 წლის 29 მაისს საქართველოს მთავრობამ გამოაცხადა, რომ ანაკლიის პორტის 49%-იან წილს ჩინურ-სინგაპურული კონსორციუმი ჩაიბარებს.

კონსორციუმში, რომელთანაც საქართველოს მთავრობა ანაკლიის პორტზე კონტრაქტს უახლოეს მომავალში ოფიციალურად გააფორმებს, შედიან:

CCCC - „ჩინეთის კომუნიკაციების მშენებლობის კომპანია“ (China Communications Construction Company Limited)
CHI - „ჩინეთის პორტების ინვესტიციები“ (China Harbour Investment).
კონსორციუმს, თავის მხრივ, ორი მნიშვნელოვანი კონტრაქტორი ჰყავს:

CRBC - „ჩინეთის გზებისა და ხიდების კორპორაცია“ (China Road and Bridge Corporation)
QPI - „ცინდაოს საერთაშორისო პორტი“ (Qingdao Port International).
ოთხივე ჩინეთის სახელმწიფო კომპანიაა.

კონსორციუმის ერთ-ერთი შემადგენელი ფირმა, CCCC, ჩინეთის ამბიციური პროექტის, „სარტყლისა და გზის“ ინიციატივის ერთ-ერთი მთავარი მოთამაშეა, - და, ამავე დროს, შეერთებულ შტატებს შავ სიაში ჰყავს შეყვანილი სამხრეთ ჩინეთის ზღვაში დესტრუქციული ქმედებების გამო.

მეორე კომპანია, CHE, დაკავშირებულია შრი-ლანკის სკანდალებით ცნობილ ჰამბანტოტას პორტთან, - პროექტთან, რომელიც ჩინეთის „სესხის ხაფანგის“ პოლიტიკის კლასიკურ მაგალითად განიხილება.

ქვეკონტრაქტორებიდან ერთ-ერთი, CRBC, უკვე წლებია მუშაობს საქართველოში და ასობით მილიონი ლარის შეკვეთები აქვს განხორციელებული.