ევროპარლამენტარი ანა ფოტიგა აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში მისი მოთხოვნით ორი შესწორება შევიდა. ის სოციალურ ქსელში წერს, რომ ერთი ცვლილება ეხება საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას, ხოლო მეორე - საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებს.

ფოტიგა მოუწოდებს სალომე ზურაბიშვილს, შეიწყალოს მიხეილ სააკაშვილი. ევროპარლამენტარმა რეზოლუციის აღნიშნული ნაწილი სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა და სააკაშვილი „პუტინის ტყვედ“ მოიხსენია. ამავე პოსტის კომენტარებში „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა კმაყოფილება საჯარო მადლობებით გამოხატეს.

„მიხეილ სააკაშვილი პუტინის პირადი მტერი და პატიმარია. ჩვენ არ უნდა მივცეთ მას საშუალება, რომ ციხეში მოკვდეს.

აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი რუსეთის მიერაა ოკუპირებული და ისინი საქართველოს უნდა დაუბრუნდეს.

დღეს ევროპარლამენტმა საქართველოს მხარდასაჭერად მიიღო ჩემ მიერ შეტანილი ორი ცვლილება“,- წერს ანა ფოტიგა X-ზე.