ვფიქრობ, ქალბატონი პრეზიდენტის შეუთანხმებელი ვოიაჟი და ვიზიტები ევროპაში მეტად სამწუხარო ფაქტია, არცერთი შემთხვევა არ არსებობს, რომ ჩვენ მას უარი ვუთხარით ასეთი ტიპის ვიზიტებზე, უფრო მეტიც, პირიქით, მე მას მხარს ვუჭერდი ყოველთვის და არასდროს  შემიზღუდავს მისი გადაადგილება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

ღარიბაშვილის თქმით, მას შემდეგ, რაც სალომე ზურაბიშვილმა ევროინტეგრაციასთან დაკავშირებით მძიმე განცხადებები გააკეთა, ვერ მისცემდა მანდატს, სხვა ქვეყანაში წარედგინა საქართველო.

„შეგახსენებთ, რომ ქალბატონ პრეზიდენტს ძალიან მძიმე განცხადებები აქვს გაკეთებული. მას აქვს ნათქვამი საჯაროდ, რომ ჩვენი მთავრობა, ხელისუფლება არ ასრულებს ვალდებულებებს, 12 რეკომენდაციას. მას აქვს ნათქვამი საჯაროდ, რომ არ ვიმსახურებთ სტატუსს. მას აქვს რაღაც ბუნდოვანი განცხადებები გაკეთებული, თითქოს ჩვენი ქვეყნის საგარეო პოლიტიკა თუ მთავრობის პოზიცია არის ბუნდოვანი, ამ დროს, ყველაფერი ნათელი და ცხადია. ამის შემდეგ ის მინიმალური ნდობა, რომელიც ჩვენ შორის იყო, ისიც დაიკარგა და მე, უბრალოდ, ჩემი ხელმოწერით ვერ გავაგრძელებინებდი ქვეყნის წინააღმდეგ საბოტაჟს, ამაში თანამონაწილე ვერ გავხდებოდი. თუ ადამიანი ქვეყნის შიგნით აცხადებს ასეთ მიუღებელ რამეს და ამის შემდეგ მოგვმართავს, რომ წავიდეს ევროპაში, რა უნდა ილაპარაკოს, კაცმა არ იცის. ჩვენ ნდობა არ გვაქვს. არ ვიცი, რომელიმე ქვეყანაში ჩვენი მანდატით, ჩვენგან ნებადართული, რას ილაპარაკებდა, ჩვენთვის ეს აბსოლუტურად ბუნდოვანი იქნებოდა და მიუღებელი. ამით დასაბუთდა ჩვენ უარი, რადგან ის პირდაპირ ეწინააღმდეგებოდა ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს. ჩვენი ინტერესი იყო და არის, რომ ქვეყანამ მიიღოს სტატუსი, ამის წინააღმდეგ ნებისმიერი განცხადება, ნებისმიერი ქმედება არის საბოტაჟი, ეს არის პირდაპირი საბოტაჟი და წინააღმდეგობაში მოსვლა ჩვენი ქვეყნის ინტერესებთან“, – განაცხადა პრემიერმა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, საქართველოს პრეზიდენტმა დაარღვია კონსტიტუცია, კანონი და ხელისუფლება იძულებული გახდა, ამაზე რეაგირება მოეხდინა.

„ადამიანი როცა არღვევს კონსტიტუციას და კანონს, პატარა ბავშვიც მიხვდება, რომ ნებისმიერი კანონდარღვევაზე ან რაღაცის გაფუჭებაზე, მით უმეტეს, კონსტიტუციის დარღვევაზე რეაგირება არის ვალდებულება. ანუ ჩვენ, ჩვენი გუნდი ვალდებული, იძულებული ვიყავით, ფორმალური რეაგირება მოგვეხდინა. ადამიანმა დემონსტრაციულად დაარღვია კონსტიტუცია“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

პრემიერს კითხვით მიმართეს, სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის პროცედურის დაწყება რამდენად აისახება საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხზე.

„იმპიჩმენტზე ღიად ვთქვით, რომ ეს არის ფორმალური პროცედურა. იცით, არ გვაქვს საკმარისი ხმები, მაგრამ ჩვენ ნდობა გვაქვს დაკარგული ამ ადამიანის მიმართ, გაუგებარია მისი ქმედებები. ყოველთვის თავს ვიკავებდი მისი საჯარო კრიტიკისგან, მიუხედავად მისი არაერთგზის გაკეთებული საკმაოდ კრიტიკული განცხადებებისა. რაც შეეხება საკითხს, რამდენად კავშირშია ეს სტატუსთან. გაუგებარია, რატომ უნდა იყოს სტატუსთან კავშირში ამ ადამიანის მიერ კონსტიტუციის დარღვევა და შესაძლო კანონდარღვევა. ევროპელი ლიდერებს ვეუბნები, ყველას ვუთხარი, რომ ამას არავითარი კავშირი არ აქვს, ეს არის ფორმალობა და ვალდებული ვიყავით, ამაზე რეაგირება მოგვეხდინა.

მინდა, შეგახსენოთ ყველას, ქალბატონი სალომე, რომელ ქვეყანას წარმოადგენს და წარმოადგენდა. საფრანგეთს – ასე დავაკონკრეტებ, ასე ვიტყოდი, უფრო კორექტული იქნება დღეს ამის თქმა. მან შარშან საფრანგეთის დარწმუნებაც კი ვერ შეძლო. გახსოვთ, ერთადერთი, ვინც ჩვენი ქვეყნის მიმართ კითხვა დასვა გეოგრაფიის კონტექსტში, ჭრილში, ეს იყო საფრანგეთის პრეზიდენტი. მანამდე გაგზავნილი გვყავდა ქალბატონი სალომე და ამის შემდეგ მოხდა ძალიან სკეპტიკური განცხადების გაკეთება. ადამიანმა ვერ შეძლო საკუთარი მეორე სამშობლოს თუ პირველი სამშობლოს, როგორც უნდა ისე გადაალაგოს, დარწმუნება იმაში, რომ გეოგრაფია აქ აბსოლუტურად უადგილოა, ჩვენ ვართ ევროპული ოჯახის ბუნებრივი წევრი და ასეთ ვითარებაში, მით უმეტეს ასეთი რთული გეოპოლიტიკური ვითარების დროს, გეოგრაფიაზე მინიშნება აბსოლუტურად გაუმართლებელია. სალომე ზურაბიშვილმა ვერ მოახერხა, რომ დაერწმუნებინა“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.