უკრაინის აღდგენის კონფერენციის გახსნამდე ბერლინში, ქართული მედიის წარმომადგენლებთან კომენტარში პრემიერ-მინიტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ კონფერენციაზე გამოხატავს საქართველოს პოზიციას რეგიონში რუსეთის სამხედრო აგრესიაზე და გამოთქვამს მხარდაჭერას უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ.

მან ხაზი გაუსვა ქართველი ხალხის სოლიდარობას უკრაინელი ხალხის მიმართ.

“ჩვენ მხარს ვუჭერთ უკრაინას ყველა პლატფორმაზე, უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია მსჯელობა იმ ღონისძიებებზე, რომელიც უნდა განხორციელდეს იმისათვის, რომ აღდგეს უკრაინა, როგორც კი დამყარდება მშვიდობა ჩვენს მეგობარ ქვეყანაში. ქართველი ხალხი გამორჩევა განსაკუთრებული სოლიდარობით უკრაინელი ხალხის მიმართ, ჩვენ გვაკავშირებს განსაკუთრებული ისტორიული ურთიერთდამოკიდებულება ხალხებს შორის, აქედან გამომდინარე, ჩვენი ვალია, გავაკეთოთ ყველაფერი იმისათვის, რომ ხელი შევუწყოთ უკრაინის აღდგენას ჩვენს პარტნიორებთან ერთად,“- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პრემიერ-მინისტრის თქმით უკრაინისა და საქართველოს „ხელისუფლებებს შორის არის სირთულეები”. რომელიც მისი სიტყვებით “გამოიწვია არსებითად კონკრეტულმა გადაწყვეტილებებმა, მათ შორის, მოხდა საქართველოდან უკრაინის ელჩის გაწვევა. უკრაინაში საქართველოს ელჩის ფაქტიური გაძევება” რაც კობახიძის შეფასებით “არ იყო მართებული ნაბიჯები, თუმცა ეს ხელს არ შეუშლის ჩვენს სწრაფვას იქითკენ, რომ მაქსიმალური დახმარება აღმოვუჩინოთ უკრაინელ ხალხს”

“ვერავითარი პოლიტიკური გადაწყვეტილებები ვერ დაუდგება წინ ჩვენ პასუხისმგებლობას, ვიზრუნოთ უკრაინელი ხალხისთვის" - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

უკრაინის აღდგენის კონფერენცია (URC2024) ბერლინში 11-12 ივნისს გაიმართება.

ღონისძიების მთავარი მიზანი, ომით დაზარალებული უკრაინის ქალაქების აღდგენის, რეკონსტრუქციის, რეფორმებისა და მოდერნიზაციისთვის საერთაშორისო მხარდაჭერის მობილიზებაა.

საქართველოს მიერ უკრაინის მიმართ მხარდამჭერი განცხადებების და ჰუმანიტარული დახმარების მიუხედავად, უკრაინაში ომის ფონზე ორ ქვეყანას შორის პოლიტიკურ დონეზე კრიტიკული განცხადებები არაერთხელ გაკეთებულა.

უკრაინას ამ დრომდე არ ჰყავს საქართველოში ელჩი, ელჩი უკრაინამ 2022 წლის 1 მარტს გაიწვია, მას შემდეგ რაც 2022 წლის 28 თებერვალს საქართველოდან ვერ გაფრინდა მოხალისეთა ის ჯგუფი, რომელიც ამბობდა, რომ უკრაინაში ჩასვლა და მეგობარი ქვეყნისთვის დახმარება სურდა.

ომის დაწყებიდან საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია უკრაინას ერთხელ ეწვია, ქვეყნის აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები - პრემიერ-მინისტრი და პრეზიდენტი კი - დასავლეთის ქვეყნების მრავალი ლიდერისგან განსხვავებით, უკრაინაში არ ჩასულან. თუმცა, საქართველოს პრეზიდენტმა უკრაინაში ჩასვლის სურვილი არაერთხელ გამოთქვა. სალომე ზურაბიშვილმა გამოცემა "უკრაინსკაია პრავდასთან" ინტერვიუში გასული წლის ზაფხულში განმარტა მიზეზი, თუ რის გამო შეიძლება არ იწვევდნენ უკრაინაში ეს არის " ამ ეტაპზე არადამაკმაყოფილებელი ურთიერთობა სამთავრობო წრეებს შორის."

ბოლოს უკრაინისა და საქართველოს ხელისუფლებას შორის მწვავე პოლიტიკური განცხადებების ფონია საქართველოში მიღებული "აგენტების კანონი". რომლის მიზნებს შორისაც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ქვეყნის "უკრაინიზაციისგან" დაცვა დაასახელა. რასაც უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს პახუსი მოჰყვა "ჩვენი ქვეყნის სახელის ასეთ შეურაცხმყოფელ კონტექსტში ხსენება დამატებით ზიანს აყენებს უკრაინა-საქართველოს ურთიერთობებს. რეალური საფრთხე საქართველოსთვის რუსიფიკაციაა და არა მითური „უკრაინიზაცია“, - ეწერა უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ განცხადებაში.

რუსეთის არმია უკრაინის ტერიტორიაზე 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა.
პრეზიდენტმა პუტინმა "სპეციალური სამხედრო ოპერაციის" მიზნად გამოაცხადა უკრაინის "დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია".
უკრაინაში რუსული არმიის ფართომასშტაბიან შეჭრას წინ უძღოდა პუტინის მიერ უკრაინის ორი სეპარატისტული რეგიონის, დონეცკის და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების "დამოუკიდებლობის" აღიარება. მანამდე, რუსეთმა მოითხოვა, რომ უკრაინა არ გახდეს ნატოს წევრი.
2022 წლის 30 სექტემბერს, რუსეთმა ანექსირებულად გამოაცხადა უკრაინის ხერსონის, ზაპოროჟიეს, დონეცკის და ლუგანსკის ოლქები, თუმცა სრულად ვერცერთ მათგანს ვერ აკონტროლებს.