უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი, რომელიც აცხადებს, რომ უკრაინაში ომის შეწყვეტის მიზანი აქვს, ჩინეთში ჩავიდა.

დღეს, 8 ივლისს, ორბანის ოფიციალურ გვერდზე სოციალურ ქსელ X-ში გამოქვეყნდა პეკინის აეროპორტში გადაღებული ფოტო, მოკლე წინადადებით: „სამშვიდობო მისია 3.0“. პეკინამდე ორბანი კიევსა და მოსკოვში იმყოფებოდა.

ჩინეთის სახელმწიფო ტელევიზია დეტალების დაკონკრეტების გარეშე იუწყება, რომ პეკინის სახელმწიფო რეზიდენციაში უკვე გაიმართა ჩინეთის მეთაურ სი ძინპინის და უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანის შეხვედრა.

2 ივლისს ორბანი კიევში ჩავიდა და მოლაპარაკება გამართა უკრაინის პრეზიდენტ ზელენსკისთან, რომელსაც შესთავაზა ცეცხლის შეწყვეტა და ამის შემდეგ რუსეთთან მოლაპარაკების დაწყება. კიევმა ეს წინადადება უარყო.

5 ივლისს, ორბანმა მოსკოვის კრემლში მოლაპარაკება გამართა რუსეთის პრეზიდენტ პუტინთან. შეხვედრის შემდეგ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ უკრაინის და რუსეთის პოზიციები ერთმანეთისგან ძალიან შორსაა. 

1 ივლისიდან უნგრეთმა ექვსი თვით ჩაიბარა ევროკავშირის თავმჯდომარეობა. ევროკავშირმა ორბანის მოსკოვში ჩასვლის და პუტინთან შეხვედრის გამო, განაცხადა, რომ უნგრეთს არ აქვს უფლებამოსილება მოლაპარაკება აწარმოოს ევროკავშირის სახელით.

ბრიუსელის ოფიციალური პოზიციაა, რომ უკრაინის შესახებ მისი მონაწილეობის გარეშე არანაირ მოლაპარაკებას არ აწარმოებს. უკრაინაში ფართომასშტაბიანი შეჭრის გამო ევროკავშირს რუსეთის ხელისუფლებასთან კონტაქტი შეწყვეტილი აქვს.