საქართველოს პრეზიდენტს საფრანგეთში, პარიზში, მშვიდობის ფორუმზე დასასწრებად, მთავრობისთვის თანხმობა არ მოუთხოვია. ამის შესახებ ინფორმაცია  „ინტერპრესნიუსს“ მთავრობის ადმინისტრაციაში დაუდასტურეს.

საზღვარგარეთ ვიზიტებთან დაკავშირებით, პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურის დაწყების შემდეგ სალომე ზურაბიშვილისთვის ეს პირველი ვიზიტია.

ცნობისთვის, სალომე ზურაბიშვილმა, 8 ნოემბერს ორბელიანების სასახლესთან გამართულ შეკრებაზე სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ საქართველოს კანდიდატურის ლობირებას გააგრძელებდა და პარიზში, მშვიდობის ფორუმზე დასასწრებად მიემგზავრებოდა. მისივე ინფორმაციით, ამავე ფორუმზე გამგზავრებას, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილიც გეგმავდა.

„გავაგრძელებ საქართველოს კანდიდატურის ლობირებას, ხვალ მივემგზავრები პარიზში, სადაც ტარდება მშვიდობის ფორუმი და სადაც უნდა მივიღო მონაწილეობა შარლ მიშელთან ერთად პანელში, რომელიც კრიზისებს და კონფლიქტებს განიხილავს. დავესწრები ამ ფორუმს და როგორც დაგეგმილი იყო, იმის გათვალისწინებით, როგორც ახლა დაიგეგმა, პრემიერიც დაესწრება. ამ მხრივ, ნებსით თუ უნებლიედ ორივეს გამოგვივა დეპოლარიზაციის მაგალითის მიცემა“, - აღნიშნა პრეზიდენტმა.