კარგი ამბებია თბილისისთვის – ევროკომისია რეკომენდაციას მისცემს ევროკავშირის წევრი სახელმწიფოთა ლიდერებს, მიანიჭონ კანდიდატის სტატუსი საქართველოს, – ამის შესახებ გამოცემა „პოლიტიკო“ ევროკავშირის ორ მაღალჩინოსანზე დაყრდნობით იუწყება.

როგორც გამოცემა წერს, ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი და ევროკომისრები დღეს იმ ათი ქვეყნის პროგრესის განსახილველად შეიკრიბნენ, რომელთაც ევროკავშირის წევრობა სურთ.

ევროკავშირის გაფართოების შესახებ ევროკომისიის ყოველწლიური ანგარიში დღეს გამოქვეყნდება. ანგარიშში ევროკომისია შეაფასებს საქართველოში განხორციელებულ რეფორმებს, მათ შორის, 12 რეკომენდაციის შესრულებასაც, რის საფუძველზე ევროპულმა საბჭომ ქვეყნისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხი უნდა გადაწყვიტოს.