სააკაშვილის შეწყალების შესაძლებლობა მორალური გადაწყვეტილებაა, რომელსაც ჩემით მივიღებ, შეუძლებელია ამაზე გავლენის მოხდენა საგარეო ან შიდა ზეწოლით. შესაბამისი განცხადება საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა Chatham House-ში ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებულ კითხვაზე პასუხის დროს გააკეთა.
პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ სააკაშვილი ალექსეი ნავალნი არ არის. მან ისაუბრა სააკაშვილის მმართველობის პერიოდზე და განაცხადა, რომ ის პატიმრობაში "რეალური მიზეზით" არის, თუმცა, პრეზიდენტის თქმით, ეს არ ნიშნავს, რომ ჰუმანიტარული პერსპექტივა არ უნდა იყოს დაცული და ძალიან ახლოდან აკვირდება ყოფილ პრეზიდენტთან დაკავშირებულ ვითარებას.
“თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები არ არის დამოკიდებული იმაზე, თუ სად იქნება სააკაშვილი. ის დაპატიმრებული პოლიტიკური ოპონენტი არაა, ის ნავალნი არ არის. ის ყოფილი პრეზიდენტია, რომელსაც თავისი პრეზიდენტობის დროს ბევრი ისეთი რამ ჰქონდა, რასაც არ ვიცი, რა დავარქვა. რასაც ახლა ვხედავთ, რაც სხვადასხვა რეჟიმებში გვინახავს, ავტოკრატიული, ავტორიტარული რეჟიმების ციხეებში ადამიანის უფლებების დარღვევების ტენდენცია - ეს ყველაფერი გვინახავს და სააკაშვილის მმართველობის დროს ამაში გვიცხოვრია. ასე რომ, ის ციხეში რეალური მიზეზების გამოა. ეს არ ნიშნავს, რომ ჰუმანიტარული პერსპექტივა არ უნდა იყოს დაცული და პატივცემული, მე ძალიან ახლოდან ვაკვირდებოდი იმას, თუ რა ემართება მას ციხეში.
კითხვა, თუ რა შეიძლება გაკეთდეს და გეთანხმებით, რომ რეპუტაციული მხრივ გაცილებით უკეთესი იქნებოდა, რომ სადმე სხვაგან ყოფილიყო. ეს მთავრობის მისაღები გადაწყვეტილებაა. ბევრი გზებია, რითაც სხვა ქვეყნებს ეს პრობლემები მოუგვარებიათ - შინა პატიმრობა, ექსტრადიცია, რადგან უკრაინამ აჩვენა, რომ ის მზად არის, ექსტრადიციისთვის, თუმცა არ ვიცი [მოთხოვნა] ფორმალურად თუ მოხდა. ასე რომ, ეს შესაძლებლობები არსებობს.
ჩემი მხრიდან მხოლოდ ერთი შესაძლებლობა მაქვს, რომელზეც არასდროს ვაკეთებ კომენტარს ქვეყნის ფარგლებს გარეთ და მცირე კომენტარს ვაკეთებ ხოლმე ქვეყანაში, ვინაიდან, ბევრი სხვა ადამიანია, რომელიც შეწყალების შესაძლებლობას ელის და ახსნას ან გამართლებას თუ დაიწყებ - ეს ძალიან არასამართლიანია სხვა ადამიანებისთვის.
ასე რომ, კომენტარს არ ვაკეთებ. ეს მორალური გადაწყვეტილებაა, რომელსაც ჩემით მივიღებ და პასუხს მხოლოდ საკუთარი თავი წინაშე ვაგებ, და ეს ნამდვილად არ არის ის, რაზეც გავლენაც შეიძლება მოახდინო საგარეო ზეწოლით ან შიდა ზეწოლით”, - განაცხადა ზურაბიშვილმა.