წინასწარი ეგზიტპოლის შედეგებით, საფრანგეთის საპარლამენტო არჩევნებში პირველ ადგილს მემარცხენეთა ალიანსი იკავებს. ინფორმაციას ფრანგული მედია ავრცელებს.

ამ დროისთვის ცნობილია, რომ მეორე ადგილზე ქვეყნის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის პარტიაა, ხოლო მესამე ადგილზე მარინ ლე პენის ულტრამემარჯვენე „ეროვნული გაერთიანება“.

ცნობილია ისიც, რომ საპარლამენტო არჩევნებში აბსოლუტური უმრავლესობა ვერცერთმა პარტიამ ვერ მოიპოვა.

საფრანგეთის დროით 20:00 საათზე ქვეყნის მასშტაბით ყველა საარჩევნო უბანი დაიხურა.

ფრანგული მედიის ინფორმაციით, პატარა ქალაქებში ხმის მიცემა უფრო ადრე, 18:00 საათზე შეწყდა.

არჩევნების მეორე ტურში ამომრჩეველთა აქტივობამ 67 პროცენტი შეადგინა.

საფრანგეთში, აღნიშნულ შედეგებს, შეიძლება ითქვას, რომ არავინ ელოდა.

მარინ ლე პენის ულტრამემარჯვენე "ეროვნულ გაერთიანებას" არ უწინასწარმეტყველებდნენ სრული უმრავლესობის მოპოვებას 577-ადგილიან პარლამენტში, თუმცა მოელოდნენ, რომ ის პირველ ადგილზე გავიდოდა, 200-ზე მეტი მანდატით. 

გამარჯვებული კი ახლახან შექმნილი მემარცხენე ალიანსი, "ახალი სახალხო ფრონტია", რომელიც თავს უყრის მწვანეებს, სოციალ-დემოკრატებს, კომუნისტებს, და მემარცხენე ლიდერის, ჟან-ლუკ მელანშონის "დაუმორჩილებელ საფრანგეთს" (LFI). წინასწარი მონაცემებით, ეს ალიანსი 200-მდე მანდატის მოპოვებას შეძლებს.

ექსპერტების თქმით,  ეს შედეგი, პირველ რიგში, ამომრჩევლის აქტივობამ განაპირობა, 67%-მა, რაც ყველაზე მაღალი მაჩვენებელია საფრანგეთში ამ საუკუნეში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნებისთვის.

ჩანს, რომ ქვეყნის ისტორიაში ყველაზე გარდამტეხი კენჭისყრის შესახებ განცხადებებმა შედეგი გამოიღო და მობილიზაციაში მოიყვანა ულტრამემარჯვენეთა მოწინააღმდეგე ელექტორატი.