საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ქეშალოში მომხდარ მკვლელობაში ბრალდებულს სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა. იაგუბ  ხეირხაბაროვისათვის აღმკვეთი ღონისძიების შეფარდების თაობაზე, თელავის

რაიონულ  სასამართლოში დღეს,  რამდენიმე საათის განმავლობაში მსჯელობდნენ.

თავად 46 წლის ბრალდებული დუმილის უფლებას იყენებს. ხეირხაბაროვის ადვოკატი, მინარი მურღვაშვილი კი  სასამართლოს არწმუნებდა, რომ მკვლელობა, ფაქტობრივად სხვა პირების ზემოქმედებით მოხდა, რაც მისი დაცვის ქვეშ მყოფთან წამქეზებელ,  შეურაცმყო ფელ სატელეფონო ზარებში გამოიხატებოდა.

სახელმწიფო ბრალდება მამაკაცს  დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილ განზრახ მკვლელობას, მკვლელობის მცდელობას, იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა- შენახვა- ტარებას ედავება და შესაბამისად, პროკურორი დავით გველესიანი,  სასამართლო პროცესზე  ბრალდებულისათვის  პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით გამოვიდა.

გამოძიების მტკიცებით, ხეირბაროვმა მიიჩნია, რომ ყოფილმა ცოლმა მეორედ გათხოვებით მას  შეურაცხყოფა მიაყენა.

ამ მიზეზით, ის თანასოფლელ  ჯაფაროვების სახლში შეიჭრა, ყოფილი ცოლი დაჭრა, ქალის ამჟამინდელი მეუღლე, იაშარ ჯაფაროვი კი ადგილზე მოკლა.

მოსამართლემ პროკურატურის შუამდგომლობა გაიზიარა და აღკვეთის ღონისძიების სახით, ბრალდებულს პატიმრობა შეუფარდა.

შეგახსენეთ, მკვლელობა სოფელ ქეშალოში 28 ნოემბერს მოხდა.
შემთხვევის შედეგად, გარდაცვლილია 35 წლამდე ასაკის  მამაკაცი და დაჭრილია  ქალი, რომელიც დღემდე საავადმყოფოში მკურნალობს.
ბრალდებული  ორდღიანი ძებნის შემდეგ დააკავეს.

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, მამაკაცს 16 დან 20 წლამდე, ან უვადო თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.