კონსტიტუციური სამართლის პროფესორი ვახტანგ ხმალაძე აცხადებს, რომ სალომე ზურაბიშვილმა ოთარ ფარცხალაძისათვის მოქალაქეობის არ შეწყვეტით დაარღვია კანონი.

ხმალაძის განმარტებით, იქნება თუ არა ფარცხალაძე საქართველოს მოქალაქე, ეს არაფერს შეცვლის, რადგან საქართველოში დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში, ერთნაირად სამართლდება საქართველოს მოქალაქე, უცხო ქვეყნის მოქალაქე და მოქალაქეობის არმქონე პირიც.

"პრეზიდენტის უარი, შეუწყვიტოს ფარცხალაძეს საქართველოს მოქალაქეობა, არის აშკარად დარღვევა მოქალაქეობის შესახებ ორგანული კანონისა. რადგან ეს კანონი ზუსტად განსაზღვრავს იმ შემთხვევას, როდესაც საქართველოს მოქალაქეს უნდა შეუწყდეს მოქალაქეობა.

ამიტომაც, სამართლებრივი თვალსაზრისით, პრეზიდენტი არღვევს კანონს. საქართველოში დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში, ერთნაირად სამართლდება საქართველოს მოქალაქე, უცხო ქვეყნის მოქალაქე და მოქალაქეობის არმქონე პირი. ამ თვალსაზრისით, იქნება თუ არა ფარცხალაძე საქართველოს მოქალაქე, ეს არაფერს შეცვლის". - განაცხადა ხმალაძემ.
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ გუშინ გაავრცელა განცხადება, სადაც აღნიშნულია, რომ სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე, პრეზიდენტს მიზანშეწონილად არ მიაჩნია ამ ეტაპზე ოთარ ფარცხალაძისთვის საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტა.