იმ პენსიონერებს, ვისაც საპენსიო სესხები აღებული აქვთ 2023 წლის 1-ელ იანვრამდე, 15 მარტის შემდეგ საპროცენტო განაკვეთი შეუმცირდათ და დღეს შეადგენს 24,9 ერთეულს, - ამის შესახებ „ქრონიკის“ ეთერში, ეროვნული ბანკის საბაზრო ქცევის ზედამხედველობის განყოფილების უფროსმა, ნათია ჭყონიამ განაცხადა.

„მათთვის ამოქმედებული გადაწყვეტილების შესახებ ინფორმაციის მისაღებად, პენსიონერებს შეუძლიათ დარეკონ ბანკის ქოლცენტრზე ან მიმართონ ბანკის ფილიალს და მათი ახალი გადასახდელი თანხა ამ გზით გაარკვიონ“, - აღნიშნა ნათია ჭყონიამ.

მან ასევე ისაუბრა იმაზე, თუ რას გულისხმობს საპროცენტო განაკვეთის გაიაფება.

„თუ აქამდე ჰქონდათ საშუალო საპროცენტო განაკვეთი 32%, დღეს უკვე ექნებათ 25%-მდე. ეს ცვლილება მათ, დაახლოებით 7%-იან სხვაობას აძლევთ. აქ აღსანიშნავია, რომ ვისაც მცირე თანხა აქვს დარჩენილი სესხზე, შესაძლოა დიდი სხვაობა არ მისცეს შენატანში, მაგრამ ჯამურად საკმაოდ მასშტაბური შემცირებაა“, - აღნიშნა ნათია ჭყონიამ.

„ლიბერთი“ ბანკის ინფორმაციით, 15 მარტიდან განახლდა პირობები იმ მომხმარებლებისთვის, რომლებიც სარგებლობენ 2023 წლის 1-ელ იანვრამდე გაცემული პენსიით უზრუნველყოფილი სესხებით. კერძოდ, „ლიბერთი ბანკის“ გადაწყვეტილებით, პენსიით უზრუნველყოფილ სესხებზე საპროცენტო განაკვეთი შეუმცირდა ყველა იმ პირს, ვისაც არ უსარგებლია 2023 წელს დაწესებული განახლებული პირობებით. შესაბამისად, ცვლილება შეეხება 2023 წლის 1-ელ იანვრამდე გაცემულ საპენსიო სესხებსა და ოვერდრაფტებს.

ამ ცვლილების შედეგად 150 000-მდე პენსიის მიმღებ პირს ავტომატურად დაუკორექტირდა სესხის მიმდინარე პირობები და საპროცენტო განაკვეთი გაუტოლდა განახლებული პირობებით გაცემული სესხების პროცენტს.