სამაშველო სამსახურის თანამშრომლებმა თბილისში, "მეტეხის ხიდიდან" მდინარე მტკვარში გადავარდნილი ავტომობილი ამოიტანეს. მასში კაცის ცხედარი იყო.
"რამდენიმესაათიანი უწყვეტი ძებნის შემდეგ მყვინთავთა მიერ ნაპოვნი იქნა ავტომანქანა, რომელიც ამოყვანილია მძიმე ტექნიკის საშუალებით", - უთხრა ჟურნალისტებს რამდენიმესაათიანი სამაშველო საქმიანობის დასრულების შემდეგ თბილისის სახანძრო ძალების სამმართველოს უფროსმა, ლევან მუსელიანმა.
გუშინ, 15 თებერვალს ღამით მდინარე მტკვარში ავტომობილი გადავარდა. ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო და სამაშველო ჯგუფები.