ონკოპაციენტების ოჯახის წევრებმა ახალი პრემიერის, ირაკლი კობახიძის სახელზე მთავრობის ადმინისტრაციაში წერილი დატოვეს. მათ დღეს კანცელარიასთან საპროტესტო აქციაც გამართეს.
მოქალაქეები ითხოვენ მკურნალობა სახელმწიფომ სრულად დააფინანსოს და გაუქმდეს წლიური 25 000-ლარიანი ლიმიტი, ეს არის თანხა, რომლითაც სახელმწიფო წელიწადში 1 ონკოპაციენტის მკურნალობას აფინანსებს. ონკოპაციენტების ოჯახის წევრები ითხოვენ, რომ დაფინანსება ინდივიდუალურად, საჭიროების შესაბამისად მოხდეს.
"ონკოპაციენტები 2024 წლიდან ძალიან ბევრ პრობლემას აწყდებიან ჯანდაცვასთან ურთიერთობაში, რაც მათი სიცოცხლისთვის ძალიან სახიფათოა. ჩვენ ზუსტად ამიტომ დღეს ბატონ პრემიერ ირაკლი კობახიძეს მივმართავთ წერილით, რომ შექმნას მისი მეთვალყურეობის ქვეშ სამუშაო ჯგუფი და დაგვეხმაროს ამ რიგი ხარვეზების გამოსწორებაში, რაც ჯანდაცვაში არის დღეს და ონკოპაციენტები აწყდებიან და უწევთ ამ რთული გზის გავლა კიდევ კიბოსთან ერთად", - თქვა "კავშირი სიცოცხლისთვის" წევრმა, გვანცა აფხაიძემ.